ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარ შემზარავ ფაქტზე – 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა.
შემთხვევა მაღაზიათა ქსელ “მაგნიტში” მოხდა, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა.
ქალი ცეცხლის ალში ადგილზევე დაიწვა. ფაქტის შეემსწრეები ცდილობდნენ მას მიშველებდნენ, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ისინიც დაშავდნენ, ქალისთვის დახმარების აღმოჩენა მაინც ვერ შეძლეს. დაზიანებები მიიღო თავად მოძალადემაც, ის ახლა თერჯოლის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებშია მოთავსებული.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
“წლები უყვარდათ ერთმანეთი, ვიდრე დაქორწინდებოდნენ. შემდეგ არ ვიცი რა მოხდა, კაცი გამუდმებით ძალადობდა თურმე და დაშორდნენ. შერიგებას სთხოვდა და არ ურიგდებოდაო. შემაკავებელი ორდერიც ჰქონია გამოწერილი კაცს, მაგრამ ვერაფერმა დაიცვა ეს გოგო. ორი ბავშვი დაობლდა” – უყვება ambebi.ge -ს გარდაცვლილი ქალის მეზობელი.
41 წლის მამაკაცი კი დამწვრობით ,,იმერმედში” გადაიყვანეს. ექიმმა, თინათინ ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
„პაციენტი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში დაახლოებით, 20:20 საათზე შემოიყვანეს. სხეულის დაახლოებით, 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა იყო. ის შეყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის და დაკვირვების მიზნით,“ – განაცხადა ექიმმა.
ექიმის განცხადებით, 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები