ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი:
,,საქართველოს ბოლო სამი დღის ქრონიკა:
1. 12 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა!
2. ახალგაზრდა კაცმა ყოფილ ცოლს მაღაზიაში ბენზინი გადაასხა და დაწვა!
3. ორი ახალგაზრდა მამაკაცმა 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს!
ძალიან, ძალიან სერიოზული მსჯელობაა საჭირო იმაზე, თუ რა გვჭირს. არ ვარ ისეთი ოპტიმისტი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ პრობლემას სისხლის სამართლის კოდექსში ან სხვა კანონებში ცვლილებებით მოვუვლით. ასე ზედაპირზე არ დევს ეს პრობლემა, რომ ეს უბედურებები თურმე ლიბერალურ კანონმდებლობის ბრალია და საკითხს ასე მარტივად, კანონის გამკაცრებით გადავჭრით. ნუ, რბილად რომ ვთქვა, ეს აშკარად არ კმარა.
არ ვიცი, ფსიქოლოგებმა, ექიმებმა, პედაგოგებმა სოციოლოგებმა თუ კიდევ რა დარგის სპეციალისტებმა ერთობლივად უნდა მოიკვლიონ რა ჭირს ჩვენს საზოგადოებას, რა ფსიქოლოგიურმა ტრავმებმა, აღზრდის, განათლების თუ სხვა ტიპის პრობლემებმა იჩინა თავი და ასე ერთბაშად ამოხეთქა. გუშინ მანქანაში რადიოს ვუსმენდი. მართლა შოკი მივიღე! დამრეკავთა უმრავლესობა, რომელთა შორის უმეტესობა ქალბატონი იყო, დატრიალებულ ტრაგედიებში ისევ ქალებს ადანაშაულებდა, თან ჩემი აზრით, თავად მკვლელობაზე უფრო საშიში და საშინელი “არგუმენტებით”. მგონი, ირანის აითოლათა რეჟიმს ყველაზე მეტი იდეური მხარდამჭერი საქართველოში ჰყავს. რა “ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია”? რა თავს ვიტყუებთ? გავანებოთ ჩვენი საზოგადოების ვარდისფერი სათვალეებით ყურებას! ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არათუ შუა საუკუნეების, არამედ მონათმფლობელური ეპოქის აზროვნებასაა დაბრუნებული, როცა ქალების მნიშვნელოვანი ნაწილიც კი თვლის რომ ის მონად, ქმრის მსახურადაა გაჩენილი და ამართლებს ქალის მიმართ აგრესიას, თუკი იგი ამ მონის როლს არ ეგუება. მეტიც, ასეთი ქალბატონები თავად უფრო მეტად ემტერებიან, ერჩიან და იმეტებენ იმ ქალებს, რომლებიც თავიანთ ცხოვრების წესით არ შეესაბამებიან არქაისტულად განწყობილი საზოგადოების წარმოდგენებს წესიერი ქცევის ნორმებზე. მოკლედ მგონი მასობრივად გავრეკეთ უკვე!”
კომენტარები