ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, შესაძლოა, სააკაშვილი შეიწყალოს. რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის ეს ვარაუდი?
– ყველაფერია შესაძლებელი და არაფერი გამიკვირდება. თუმცა, თუ პრეზიდენტმა შეიწყლა სააკაშვილი, ეს შეთანხმებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილის ნებართვის გარეშე, ვერ შეიწყალებს ზურაბიშვილი სააკაშვილს. მე ასე მგონია. საერთოდ, არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციაში უდგას „ქართულ ოცნებას“ თუნდაც საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში.
– პრეზიდენტს აქვს უფლება, გამოძიებაში მყოფი პირი შეიწყალოს?
– პრეზიდენტს აქვს განუსაზღვრელი უფლება, მსჯავრდებული პირი შეიწყალოს. სააკაშვილის შემთხვევაში, მას რაზედაც მისჯილი აქვს სასჯელი, ყველა დანაშულში შეუძლია შეიწყალოს. გამოძიების პროცესში არსებულ საქმეზე ვერ შეიწყალებს, რადგან პრეზიდენტი დამნაშავე პირებს იწყალებს და ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ეს ჯერ სასამართლოს არ დაუდგენია. აი, ცირკი ის იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალა და რამდენიმე დღეში, სასამართლომ „საზღვრის კვეთის“ საქმეზე მას სასჯელად ციხე მიუსაჯა და უკან შეაბრუნა. მთელ ცივილიზებული სამყაროს გადავიმტერებთ მაგ შემთხვევაში. ეს იქნება ქვეყნის სირცხვილი. თუმცა, ჩემი ლოგიკით ეს არ მოხდება. ზურაბიშვილი თუ ივანიშვილითან შეთანხმებით შეიწყალებს სააკაშვილს, მაშინ სასამართლო მას არ გაამტყუნებს „საზღვრის კვეთის“ საქმეზე და გაუშვებენ საზღვარგარეთ. მე ერთ რამესაც ვფიქრობ. თუ შეიწყალა პრეზიდენტმა სააკაშვილი, „საზღვრის კვეთის“ საქმის გამოძიებას მაინც არ შეწყვეტენ. სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ უკრაინაში წავა და ქართულ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა. თუმცა, ხომ შეიძლება გადაიფიქროს? თუ გადაიფიქრა და ისევ დააპირა ქართულ პოლიტიკაში ჩარევა, აქტიური ოპოზიციონერობა, მაშინ „საზღვრის კვეთის“ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და მიუსჯიან ციხეს. ეს კი ნიშნავს, რომ სააკაშვილი იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც უკრაინიდან საქართველოში შემოსვლამდე იყო. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება და საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს თუ არა, დაიჭერენ.
– ბიძინა ივანიშვილს, ამ ეტაპზე, აწყობს სააკაშვილის შეწყალება, მისი ციხიდან გაშვება?
– ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, სარგებლის მიღების გარეშე არაფერს გააკეთებს. სააკაშვილით კარგად ივაჭრებს ევროკავშირთან, იმ ევროპელ პოლიტიკოსებთან, ვინც მიშას გათავისუფლებას ითხოვენ. თუ სააკაშვილის ციხეში დარჩენა და მისი პოლიტიკურად განეიტრალება უნდა ბიძინას, მაშინ სასწრაფოდ უნდა ჩამოიყვანოს გერმანიიდან დოქტორი დოტი, რომელიც ეროტიკულ მასაჟებს უკეთებდა მიშას და ამ მასაჟების ანაზღაურებას სააკაშვილი ბიუჯეტიდან უხდიდა. ეს უნდა დაამტკიცოს. ამის მერე სააკაშვილს გამარჯობას აღარავინ ეტყვის ევროპელი პოლიტიკოსებიდან. რატომ არ გააკეთა აქამდე ეს ივანიშვილმა, ვერ გამიგია. თან სააკაშვილის პოლიტიკურად განეიტრალება უნდა და თან, საამისოდ ყველაზე ეფექტურ და მისთვის უმტკივნეულო, მარტივ საშუალებას არ იყენებს. ამასთანავე, ივანიშვილს კოზირი უჭირავს ხელში სააკაშვილის სახით. ივაჭრებს სააკაშვილით ევროკავშირთან. ეტყვის, სააკაშვილს გამოვუშვებ და სანქციებს ნუ დამადებთო. ვფიქრობ, გაუვა კიდეც ეს. ივანიშვილი ფიქრობს, სააკაშვილს თუ გავუშვებ, დამასანქცირებენო. ვიდრე ევროკავშირიდან გარანტიებს არ მიიღებს, რომ თუ მას ციხიდან გამოუშვებს შეწყლების თუ სასამართლოს გზით, მაშინ მისთვის სანქციების დაწესებას აღარ განიხილავენ, მანამდე იჯდება მიშა ციხეში. ივანიშვილი კი არა, ბევრი რუსი ოლიგარქი არ დაასანქცირა ევროკავშირმა სხვა და სხვა მიზეზის გამო. თუ დაასანქცირეს ივანიშვილი, მაშინ სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის იმ სასჯელს, რაც მისჯილი აქვს. რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობას, მისი ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს და ნორმალური, ხარისხიანი მკურნალობის საშუალება უნდა მისცენ. ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი პროფესიონალი ექსპერტი და წესიერი ადამიანია, ტყუილს არ იკადრებს, ძალიან სანდო და სამართლიანი პიროვნებაა. რადგან ის ამბობს, სააკაშვილი ძალიან ცუდად არისო, მაშასადამე, ძალიან ცუდად არის და თუ აუცილებელია, უცხოეთის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ. მარიამ ჯიშკარიანის ექსპერტული დასკვნების საფუძველზე, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ორი საქმე მაქვს მოგებული სტრასბურგის სასამართლოში, მე-3 მუხლით – წამება, არადამიანური მოპყრობა. მიუხედავად იმისა, რაც სააკაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში ჩაიდინა, რაც კანონით ეკუთვნის, უნდა მიიღოს, მაგრამ საბოლოოდ სასჯელი უნდა მოიხდოს. თანაც, ექს-პრეზიდენტია, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროპისთვის, ამერიკისთვის და ზოგადად, ცივილიზებული სამყაროსთვის.
– ბიძინა ივნიშვილი მარტო საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სანქციების თავის ასარიდებლად გამოიყენებს სააკაშვილს, თუ ევროკავშირს საკუთარი ნათესავებისა და ვიწრო გარემოცვის არდასანქცირებასაც მოსთხოვს?
– არა, ივანიშვილი არ არის ის კაცი, რომ სხვებზე იდარდოს, როდესაც თავად კოცონზე ზის და არ იცის, როდის დაიწვება. კაცს მილიარდების დაკარგვის რელური საფრთხე ემუქრება და საკუთარი თავის გარდა არავისზე იზრუნებს. მისთვის სანქციების არიდების საკითხი გადაწყდება ევროკავშირის ხელმძღვანელობის, გერმანიის, დიდი ბროტანეთის, საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების პირველი პირების დონეზე.
– ნიკა გვარამიათიც შეუძლია ივაჭროს ივანიშვილმა?
– ნიკა გვარამიას ჟურნალისტის სტატუსი აქვს, ევროკავშირი მას პოლიტიკური ნიშნით დაჭერილად მიიჩნევს, ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც მოხვდა, მაგრამ სააკაშვილის წონა არ არის. კი, ნიკა გვარამიას შესახებ კეთდება ხმამაღალი განცხადებები ევროპარლმენტართა მხრიდან, ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან, მაგრამ ის სანქციებისთვის თავის ასარიდებლად ვერ გამოადგება ივნიშვილს, ვერც სხვა მნიშვნელოვანი არაფორმალური, კულურული გარიგებებისთვის ევროკავშირთან თუ მის წევრ ცალკეულ ქვეყნებთან. შეიძლება, ჟურნლისტებისთვის წონიანი ფიგურაა გვარამია, მაგრამ პოლიტიკოსებისთვის, მსოფლიოს საზოგადოებისთვის ნაკლებად. სააკაშვილი რომ დაკავეს, დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატა შეიკრიბა და დიდი ხმაური ჰქონდათ ამ ამბავზე. ეს ფაქტი ნათელი ილუსტრირებაა იმისა, თუ რამხელა განსხვავებაა სააკაშვილისა და გვარმიას პატიმრობას შორის.
კომენტარები