ჟურნალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
“წმინდად ჰიპოთეტურად, არ დაუშვებდით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლით, ორი ადამიანის ინტერესი იკვეთება. ერთი ბიძინა ივანიშვილის და მეორე, პარადოქსულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის.
თუ ვივარაუდებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გააცნობიერა თავისი პოლიტიკური პერსპექტივები, მინიმუმ შუალედურ ვადიან დონეზე, მეორე მხრივ, კი მიზნად დაისახა პატიმრობისგან განთავისუფლება, მით უფრო გართულებული ჯანმრთელობის ფონზე, ის, შეიძლება ცდილობდეს პარტიის დაშლას საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცოს პოლიტიკიდან წასვლა.
ბუნებრივია, პოლიტიკურად მოტივირებულ შერჩეულ სამართალდევნას, როგორც წესი, ავტორიტარისთვის მტრების მოშორება ხდება უპირველესი მიზანი, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება დგას მარცხზე, მარცხის აღიარებაზე და ამის დამტკიცებაზე ივანიშვილისათვის.
როგორც კი ივანიშვილი ჩათვლის, რომ სააკაშვილი განეიტრალებულია, ყოველთვის მოიძებნება ფორმა, რომლითაც მას გაუშვებს, რადგან აღარაფრით საინტერესო არ იქნება (ერთადერთი ფაქტორი უშლის ხოლმე ამას ხელს, განუზომელი პიროვნული სიძულვილი, სადაც ემოციები პრაგმატულ სტრატეგიაზე მაღლა დგება, თუმცა, ეს მაინც არ მგონია, ივანიშვილი ემოციურზე მეტად პრაგმატული ადამიანია).
საინტერესოა ამ პროცესში ვანო მერაბიშვილის ფაქტორიც, როგორც საკმაოდ გონიერი ადამიანი, მერაბიშვილი წესით უნდა აცნობიერებდეს, რომ მას პოლიტიკური პერსპექტივები არ აქვს, ის უნდა ცდილობდეს კომფორტის მიღწევას და არა რაიმე, დიდი ალბათობით დამარცხებად პოლიტიკურ ბრძოლაში შესვლას.
აქვე გავიხსენოთ, რომ მერაბიშვილი ივანიშვილთან განსაკუთრებით დაახლოებული პირი იყო, რომლითაც, ძირითადად, ბიძინა მიშას უკავშირდებოდა. თუ საწინააღმდეგო არგუმენტი ვანო მერაბიშვილის პატიმრობაა, ეს ჩემთვის არგუმენტი არ იქნებოდა, რადგან პოლიტიკაში მტრობა და მოკავშირეობა ძალიან პირობითი ცნებებია და ხშირად ერთს მეორე ცვლის და მეორეს პირველი.
თუ იტყვით, რომ ვანო მერაბიშვილი ახლა ბიძინას წინააღმდეგ იბრძვის, მაშინ ზედმეტად გასაკვირი იქნებოდა, რომ ხელისუფლება არ დევნის მას, იმიტაციებისათვის კიდეც შეიძლება რაიმე ფორმა გაჩნდეს მისი შესაძლო დევნისა, მაგრამ ამას ანგარიშგასაწევ ფაქტორად არ ჩავთვლიდი.
მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა ცდილობდეს თავის გულშემატკივრებში სახის შენარჩუნებას, ისე, რომ არ გამოჩნდეს თავის შექმნილ პარტიას თავად რომ შლიდეს, ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი, ეს არ უნდა ჩანდეს მოქალაქეებისათვის, მაგრამ უნდა ჩანდეს ბიძინა ივანიშვილისათვის.
ასე, რომ ჩემი თეორიული ვარაუდით, სწორედ ამ პროცესთან გვაქვს საქმე, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიპოვოს თავისუფლება და უსაფრთხოება, ბიძინა ივანიშვილმა კი გაანეიტრალოს “მტერი”.
ამით ივანიშვილი გარანტირებულ და მშვიდ ავტოკრატიას მიიღებს, სულ ცოტა, შუალედურ ვადიან პერსპექტივაში.
შეგახსენებთ, ჩემი ეს მოსაზრება მხოლოდ დაშვებაა, ერთგვარი ჰიპოთეზა და არ მაქვს გამყარებული საკმარისი არგუმენტებით, მხოლოდ დაშვებათა ერთობლიობით.”
კომენტარები