ნანა სულავა
„ალიას“ კითხვებს პასუხობს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე.
– ბატონო სოსო, შესაძლებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პატიმრობიდან გაათავისუფლოს სააკაშვილი, რომელსაც აქვს უმძიმესი დანაშაულობები ჩადენილი საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ?
– სალომე ზურაბიშვილი არის ფრანგი დიპლომატი, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა და ბუნებრივია, წარმოადგენს სწორედ საფრანგეთის ინტერესებს და მისი მოქმედებები სრულ კოორდინაციაშია ამ ძლიერ და გავლენიან ქვეყანასთან. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ფრანგები მოქმედებენ ისე, რომ არ ჩანან, რაც მათ მაღალ კვალიფიკაციას ადასტურებს. „კოლექტიურ დასავლეთს” აქვს შიდა წინააღმდეგობები, თუმცა გარკვეულ გეოპოლიტიკურ საკითხებში ისინი თითქმის ერთიანი პოზიციით გამოდიან. სამწუხაროდ, ასეთი ვითარება გვაქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. დასავლეთი უკრაინის ომამდეც ძალიან მიკერძოებული გახლდათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, აშკარად და ღიად უჭერდა მხარს რევოლუციურ პროცესებს საქართველოში, ვინაიდან სურდა ხელისუფლებაში კვლავ ეხილა მისი ყველა სურვილის მორჩილად შემსრულებელი ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომლის “საქმენი საგმირონი” მისი მაღალი ყურადღების მიღმა რჩებოდა, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნისას. ეს მიკერძოებული დამოკიდებულება სრულ შიზოფრენიაში გადაიზარდა უკრაინის ომის დაწყებიდან, როდესაც დასავლეთმა დაინახა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის რუსეთთან სუიციდალურ დაპირისპირებაზე. ტაქტიკა მარტივია – უნდა აიძულო ხელისუფლება გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც გამოიწვევს მის მიმართ აგრესიას, რევოლუციურ პროცესებს და შედეგად, ხელისუფლების ცვლას.
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ქვეყნისათვის ამ დამღუპველი გეგმის განხორციელების ინსტრუმენტია, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის – ვინც მოავლინა, იმის დავალებას შეასრულებს, არც სხვა გზა აქვს და არც სურვილი ექნება რაიმე წინააღმდეგობა გასწიოს, ჩემი აზრით.
ამ ფონზე სრულიად გასაგებია პროტესტის ის გრძნობა, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს უჩნდება, ვინაიდან ფორმალურად ის ქართველი ამომრჩევლის ხმებით ბრძანდება თავის სასახლეში, მის არჩევას წინ „ნაციონალური მოძრაობის“ უპრეცედენტო ლანძღვა -გინება უძღოდა წინ, გვახსოვს საოცარი ეპითეტები მის მიმართ, თუნდაც ნიკა გვარამიას ავტორობით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის სტატუსი, რომელსაც მოდერნიზებული კოლონიალიზმის მსხვერპლი შეიძლება ვუწოდოთ, ისევე როგორც სხვა ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს.
დღეს სალომე ზურაბიშვილის წინაშე ახალი ამოცანა დასახეს მისმა კურატორებმა – მან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია. მიზანი მარტივია – ეს აქტი მკვეთრად დასცემს „ოცნების“ მიმართ ნდობას და სხვა სპეციალური მოქმედებების თანხვედრის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შემკვეთებისათვის ესოდენ სასურველი შედეგი – დესტაბილიზაცია და თავისი მარიონეტების ხელისუფლებაში მოყვანა. ეს უზნეო გეგმა სრულიად არარეალისტურია, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებილი პოლიტიკური ჯგუფები სრულიად მარგინალიზებულნი არიან და ისინი ვერასგზით ვერ გახდებიან ვერც „ოცნებით“ უკმაყოფილების შემკრები და ვერც დესტაბილიზაციის გენერატორები.
ცხადია, ამ პროცესის ლიდერად ვერც „ოცნების“ კოლექტიური ძალისხმევით გაყვანილი სალომე ზურაბიშვილი გამოდგება ისევე, როგორც ვერ გამოდგა მისი სახელოვანი წინამორბედი, ბიძინა ივანიშვილის ხათრით არჩეული გიორგი მარგველაშვილი.
– 1992 წლის იანვარში სალომე ზურაბიშვილმა კიტოვან–იოსელიან–სიგუას ხუნტას საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობა მიულოცა და მათ დიდი დემოკრატები უწოდა. ზუსტად იგივე პოზიცია დააფიქსირა მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ ჟურნალში. 30 წლის წინანდელი შეფასებები ხომ მათი იდეოლოგიური თანხვედრა იყო?
– ქართველ ხალხს კარგად ახსოვს სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სამხედრო გადატრიალების მიმართ, ცხადია, ამ საკითხში ის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე გახლდათ. მოკლედ, თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს და გვარამიას, იგი მართლაც აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც “ისტორიის ოხუნჯობას” უწოდებენ ხოლმე.
კომენტარები