ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, მომავალ წელს მთავრობა უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე 70 მილიონს დახარჯავს, როცა 50 მილიონი 7 000 დევნილის ბინების დასაკმაყოფილებლად გამოიყო. რა ემღერებათ იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი შიმშილობს და ბავშვები უწამლობითა და მკურნალობის ხარჯების უქონლობის გამო იღუპებიან? ბავშვების სიცოცხლეზე პრიორიტეტული გართობა როგორ უნდა იყოს? ეს უკვე მარაზმია, რასაც ესენი აკეთებენ. ამ 70 მილიონით ასეულობით მომაკვდავ ბავშვს წაიყვანდნენ უცხოეთში, ძვირადღირებულ ოპერაციებს გაუკეთებდნენ და გადაარჩენდნენ, არა?
– კი, ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. ქვეყანაში, როდესაც გყავს 120 ათასამდე მშიერი ბავშვი და 70 მილიონს უცხოელი მომღერლების კონცერტებში დახარჯავ, ტაშ-ფანდურში ამხელა თანხას გადაყრი, ეს უკვე დანაშაულის ტოლფასია. ამ კონცერტებსაც თავისთვის იწყობენ, რადგან ეს უცხოელი გადაკრუხებული ვარსკვლავები მხოლოდ „ბლექსი არენაზე“ მღერიან და მათ კონცერტებზე ბილეთები ისე ძვირია, ისევ თავად ესწრებიან, ხალხს ხელი ამ მიუწვდება ამ ძვირადღირებულ ბილეთებზე. „ბლექსი არენა“ ბერა ივანიშვილისაა და ბიუჯეტი უნახავს. თან, იქ ბერას საძმაკაცოა გაფორმებული და 10 ათასები აქვთ ხელფასები. მერე, თუ ამ უცხოელი მომღერლების ჩამოყვანა უნდათ, ჩამოიყვანონ კერძო კომპანიებმა, ეს რა ხელისუფლების საქმეა?! თუმცა, ბერას „ბლექსი არენა“ ხომ უნდა დატვირთონ და თავადაც იგრიალონ… 70 მილიონი საკმარისია ასეულობით მომაკვდავი ბავშვის გადასარჩენად, სხვა ბევრი კარგი საქმის გასაკეთებლად. დავუშვათ, სკოლებში მოსწავლეთათვის დღეში ერთჯერადი კვების დასაფინანსებლად. დაახლოებით 450 000 მოსწავლეა საჯარო სკოლებში და შესაძლებელი იყო, მინიმუმ, 10 ლარიანი კვება გაკეთებულიყო ერთ ბავშვზე. კი, უამრავი ბავშვის სიცოცხლე გადარჩებოდა ამ ფულით, აქ თუ უცხოეთში ძვირადღირებული მკურნალობით, მაგრამ საუბედუროდ, ბავშვების სიცოცხლეს ტაშ-ფანდური და გართობა ურჩევნიათ. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა და 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს არის ბლეფი და სხვა არაფერი. 100 000 ადამიანი რომ დასაქმდეს, ამას სჭირდება 1 000 ფაბრიკა-ქარხანა თუ სხვა სახის ბიზნესი, სადაც თითოეულში, მინიმუმ, 100 კაცი იქნება დასაქმებული. რამდენი კომპანია იცით საქართველოში, სადაც 100 კაცი მუშაობს? 1 000 კი არა, ამის მეათედი არ შექმნილა მთელი 30 წლის მანძილზე და ესენი გვატყუებენ, 100 კომპანია შეიქმნა ჩვენი მმართველობის პერიოდშიო. შარშან 100 000 კაცი გაიქცა ქვეყნიდან. თუ ეკონომიკა გადადუღდა, შემოსავლები გაიზარდა, ყველაფერი ყვავის, სამუშაო ადგილები იქმნება, მაშინ ეს ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან? როდის იყო, დალხენილ ცხოვრებას ვინმე გაურბოდა? უმეტესობა გარბის ალალბედზე, არ იციან, უცხოეთში სამსახურს იშოვნიან თუ არა და ვიდრე კონკრეტულ ქვეყანაში ჩააღწევენ, ვიდრე მიგრანტის სტატუსს მიიღებენ, ციხის და ათასი უბედურების გამოვლა უწევთ. რამდენი არალეგალურად და მუდმივად ქვეყნიდან გამოძევების შიშში ცხოვრობს, ის კიდევ ცალკე ვთქვათ. 100 000 ადამიანი და მეტიც, „ქართულ ოცნებას“ დასაქმებული ჰყავს პარტიული აქტივი სახელწიფო სტრუქტურებში. მათი უმეტესობა საერთოდ არ დადის სამსახურში და ხელფასს მაინც იღებენ. 4 მილიარდამდე გაიზარდა ბიუროკრატიული ხარჯები ამ დაქცეულ ქვეყნაში. 20%-ით გაუზარდეს ხელფასები სუს-ის თანამშრომლებს. სუს-ი, რომელიც დაკავებულია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების თვალთვალით, შანტაჟით, დაშინებით, არჩევნების გაყალბებით… ხომ გამოაქვეყნა სოსო გოგაშვილმა სუს-ის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და ესეც შერჩათ. რუსეთში პუტინს ხომ ჰყავს „როსგვარდია“, ბიძინა ივანიშვილმა „სუსგვარდია“ ჩამოაყალიბა აქ იმავე სადამსჯელო ფუნქციებით. 100 000 დასაქმებული ადამიანი, მინიმუმ, 300 000 ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახია, იმდენად მაინც, რომ საკვებისა და აუცილებელი ხარჯების ფული ჰქონდეთ. 10 ოჯახი მაინც იცით, სადაც ერთი კაცი მაინც დასაქმდა და ოჯახი ფეხზე დადგა? მე ერთიც არ ვიცი. ოფიციალური, ამათი „საქსტატის“ მონაცემებით, 640 ათასამდე ავიდა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა რაოდენობა. ეს ხომ ოფიციალური სტატისტიკაა, ესეც ხომ ჩვენი სუბიექტური აღქმა არ არის, რომ გაჭირვებაა, ხალხი ნაგავში იქექება და ფასების კატასტროფული ზრდაა. ჩვენს სინამდვილეში სოციალურად დაუცველი ადამიანები ნიშნავს, რომ ეს ხალხი უკიდურეს სიღატაკეშია და თუ მთავრობამ პური არ აჭამა, მშივრები დაიხოცებიან. თუ ეკონომიკური ბუმი გაქვს, სამუშაო ადგილებს ქმნი, რატომ გაიზრდა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა? ემიგრანტთა რაოდენობა? რატომ გვყავს ამდენი მშიერი ბავშვი? რატომ იზრდება ფასები მართლა კატასტროფულად? პირიქით უნდა იყოს. პიარ-სპეციალისტებს აქვთ ნათქვამი, რომ რაც შეიძლება იმეორეთ და იმეორეთ ის მესიჯები, რომლებიც დაუჯერებელია, ბოლოს ხალხი დაიჯერებსო. ესენიც თუთიყუშებივით იმეორებენ, მაგრამ ეს რჩევა სოციალურ საკითხებში არ სჭრის. კუჭს ვერ მოატყუებ გაყალბებული სტატისტიკით და ყალბი რიტორიკით. კუჭი თუ ცარიელია, იმას საკვები უნდა, სხვა ვერაფრით დანაყრდება ადამიანი. ცარიელ კუჭს პიარი არ შველის. მერე, რად მინდა ამათი სტატისტიკა და ლაყბობა. ეკონომიკა დუღს თუ არა, ამის საუკეთესო ინდიკატორია მაცივარი. გამოაღე მაცივარი. ხორაგით სავსეა? მაშინ ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა. ცარიელია? მაშინ ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ახლა ირაკლი ღარიბაშვილმა დათვალოს, ჩვენი ქვეყნის რამდენ ოჯახშია სავსე და რამდენში ცარიელი მაცივარი. ესენი საკუთარი კეთილდღეობით საზღვრავენ ყველაფერს, ქვეყანა გამოხრეს, ბიუჯეტი გაძარცვეს და იმდენი ფული და ქონება დააგროვეს, ამათ რამდენიმე თაობას ეყოფა. წარმოუდგენელ გაჭირვებასთან გვაქვს საქმე, ამ ახალ წელს ბევრი მარტო ხმელა პურით შეხვდება. 90-იანი წლების მერე, ასეთი გაჭირვება არ ყოფილა საქართველოში. მაშინ მომავლის იმედი იყო. ვიცოდით, რომ ის მძიმე პერიოდი დასრულდებოდა და უკეთესობა იქნებოდა. ახლა კი მომავლის იმედი, პერსპექტივის განცდა აღარ აქვს ხალხს, იმიტომ გარბის ხალხი ასე თავქუდმოგლეჯილი. წარმატებული ადამიანებიც გარბიან ქვეყნიდან. პრესტიჟული სამსახურები აქვთ და მაინც გარბიან. წარმატების იმედი მოკვდა ქვეყანაში. ეს არასდროს მომხდარა საქართველოში. ეს საშინელება „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა მარტო. ესენი კიდევ ზღაპრებს და ათას სისულელეს გვიყვებიან ეკონომიკურ წინსვლასა და ხალხის დასაქმებაზე.
კომენტარები