2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 8 846 მოსწავლემ შეწყვიტა – ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ეს მონაცემი 25.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ირკვევა, რომ იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6 პროცენტი გოგოა, ხოლო 57.4 პროცენტი – ბიჭი.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი მოსწავლე მე-10 კლასიდან გავიდა.
- 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.
- 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.9 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.1 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.1 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.9 პროცენტი – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.4%) თბილისში სწავლობს.
- 2022/2023 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 172 217 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.3 პროცენტით ნაკლებია.
- 2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5 პროცენტით მეტია, ხოლო საბაზო განათლება – 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ჩამორჩება.
- 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 296 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.4 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.6 პროცენტია.
კომენტარები