ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ხაშურში, ცხრამუხის დედათა მონასტერში, ორი კაცი შეიჭრა და 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს. ზოგი ამბობს, რომ ეს რიგითი კრიმინალია, ზოგი ამბობს, რომ სატანისტური ჯგუფის გაკეთებულია. საერთოდ, რა უბედურება გვჭირს?
– რა უბედურება გვჭირს და უღმერთობა, კაცთმოყვარეობის ნაკლულობა, ჰუმანიზმის დეფიციტი გვჭირს. იმიტომ იმრავლა სხვა და სხვა სახის უბედურებებმა. დღე არ გავა, რაიმე საშინელება არ მოხდეს და ამას დასასრული აღარ აქვს. ეს კი, გამონაკლისი შემთხვევა არ არის. ჩვენ ვუყურებთ, რომ სისტემატიური ხასიათი მიიღო პედოფილიის შემთხვევებმა, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებმა. მე ვფიქრობ, აქ ღრმად უნდა ვეძიოთ ამ კონკრეტული და სხვა დანაშაულებების რეალური მიზეზები. აქ მენტალური პრობლემაა, ცნობიერის პრობლემაა, განათლების თუ გაუნათლებლობის პრობლემაა. ასევე, უმძიმესი სოციალური, ეკონომიური პრობლემების ბრალია. ასევე, ეს არის სამართლის პრობლემა და საბოლოოდ, მივდივართ ზოგად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე, რაც ქვეყანაშია. მოკლედ, ეს არის გლობალური პრობლემა, რასაც ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. სხვა შემთხვევაში კარგი არაფერი გველოდება. რაც მე პრობლემები ჩამოვთვალე, მათი გათვალისწინებით, საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო დამძიმდება და მომავალში უარესი მოხდება. დროზე უნდა მიეხედოს ამ პრობლემას, ამ სახის დანაშაულებებს, რომელთაც უკვე სისტემატიური ხასიათი აქვს. წარმოუდგენელია, ზოგჯერ ისეთი საშინელებები ხდება, გგონია, ფილმში უყურებ ამ ყველაფერს და შენს ქვეყანაში არ ხდება. თუნდაც, მონაზვნის გაუპატიურების ფაქტი ავიღოთ. ადრე ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი.
– ხელისუფლება სასჯელის გამკაცრებას აპირებს პედოფილებზე, ქალებზე სექსუალური და სხვა სახის მოძალადეთა მიმართ. ეს უშველის ამ პრობლემას?
– არა, მარტო კანონის გამკაცრება არ უშველის. კი, სასჯელი უნდა გამკაცრდეს იმავე პედოფილიის მიმართულებით, მაგრამ მარტო 5 თუ 7 წლით სასჯელის დამატება არ უშველის. მე მომხრე ვარ, რომ პედოფილების კასტრაცია მოხდეს. პირდაპირ სკოლებთან დაიწყეს ნადირობა ბავშვებზე. საპროცესო გარიგებით გამოუშვეს ციხიდან პედოფილები, რაც ამ დანაშაულის წახალისება იყო. თან ვიცით, რომ ეს განუკურნებელი ავადმყოფობაა. მთელი რიგი ღონისძიებებია დასავლეთში პედოფილების მიმართ, სპეცრეესტრია შექმნილი ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ასეთ ადამიანებს სკოლების, უნივერსიტეტების, სპორტული და სახელოვნებო სკოლების სიახლოვეს მისვლა ეკრძალებათ,გარკვეული პერიმეტრი არსებობს და იმას იცავენ. არ დაიცავენ და ციხეში უშვებენ. ამიტომ, ჩვენთან კანონიც გასამკაცრებელია და სხვა ღონისძიებებიც გასატარებელია, კასტრაციის შემოღების ჩათვლით.
კომენტარები