თამო კეშელავა, ალია
19 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მისი შვილის სამედიცინო დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ვერცხლისწყალი, და მძიმე მეტალები თავისთავად იწვევენ ინტოქსიკაციას. გარდა ამისა, გიული ალასანიამ კიდევ ერთხელ ახსენა დაავადება დემენცია, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმ დაავადებათა ნუსხაშია, რომლის აღმოჩენის შემდეგ, პატიმრის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება აქვთ ადვოკატებს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
ცხადია, უპასუხა ოფიციალურმა უწყებამაც განცხადებით, ოღონდ, ამჯერად, პენიტენციური სამსახური აღარ არის რადიკალური თავის განცხადებებში და აღარ ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და რომ მსგავსი დიაგნოზები არ არსებობს და ვინმე იგონებს. უწყება წერს, რომ მისთვის ოფიციალური დასკვნა არავის მიუწოდებია, წერს, რომ სააკაშვილს უტარდება სამედიცინო ღონისძიებები და მოუწოდებს ყველას ინფორმაცია ჯერ გადაამოწმონ და მერე გაავრცელონ.
პარალელურად, ახალი თავმჯდომარის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო ნაციონალურ მოძრაობაში და ლევან ხაბეიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში დაიწყო და ნიკა მელიამ – ბრიუსელში.
„ალიას“ ესაუბრება „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი, რომელიც პარტიულ საქმეებში უკვე აღარ, ვეღარ ერევა:
-რაც შეეხება მიშას მოწამვლაზე საუბარს, თუ არ ვცდები, სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა თქვა „ალიასთან“ პირველად, რომ მოწამვლის ნიშნებზეა ეჭვი და რომ ამის უკან რუსეთი დგას. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა თენგო გოგოტიშვილმა დაწერა, საბუთი არ მიჭირავს ხელში, მაგრამ ვიცი რა რუსული მეთოდები, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი მოწამლულიაო. ახლა ადვოკატი იტყვის, პირველმა მე ვახსენე, რომ მოწამლულია მიშაო, ცალკე „ემპათია“ იტყვის, პირველად მე დავწერე ეგ კვლევაშიო და გოგოტიშვილიც იტყვის, ჟურნალისტებიდან, პირველმა მე ვთქვიო, მაგრამ რა ვუყოთ ექიმების იმ განცხადებებს, რომლებიც თვეებით ადრე გაკეთდა? მაგალითად, აპრილში, დიახ, არ მოგესმათ, აპრილში, 7 თვის წინ საქართველოს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვილი პაჭკორიამ განაცხადა: “მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი მოწამლულია გარკვეული ტოქსინებით. ვისი ან რისი მიზეზით, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ საქართველოში მივიღეთ მეორე ნავალნი.“ მიუხედავად ამისა, ტოქსიკოლოგი მხოლოდ რამდენიმე თვის მერე ერთვება საქმეში, რატომ? მოწამლული იყო უკვე აპრილში? არ იყო? წინასწარ იცოდნენ, რომ მოწამლავდნენ?
“სააკაშვილი მოწამლულია! საქართველოში მივიღეთ მეორე ნავალნი!” – ვილი პაჭკორია
თქვენთან, „ალიაზე“ განთავსებულია, 6 თვის წინ, მაისში გერმანიაში მცხოვრები ექიმის იაგო ფრანგიშვილის წერილები, მაისის დასაწყისში ითხოვდა ნუ მარჩიელობთ და კვლევები ჩაატარეთ, დიაგნოზი დასვითო, იგივე მაისში კი წერდა: „დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ სააკაშვილის იმ კლინიკაში გადაყვანა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, როგორმე წაეშალათ მოწამვლის კვალი. ვიზუალურად და თავად სააკაშვილის მიერ თქმული ჩივილებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი ვარაუდი, რაც მქონდა, იყო მძიმე მეტალით მოწამვლა, მათ შორისაა რკინაც, ეს ვითომდა „უპრობლემო“ მეტალი. გარკვეულ პირობებში და ესაა თალასემია, რკინით მკურნალობა იწვევს უმძიმეს მოწამვლას, უმძიმესად აზიანებს ნერვულ და ღვიძლის სისტემას. არაა გამორიცხული რომ სხვა სახის ზემოქმედებასაც ჰქონდა ადგილი… ყურადღების ცენტრის გადატანამ ახლა სხვა, თავიდანვე დაგეგმილ პიროვნებაზე და მთელმა ამ ახალმა სპექტაკლმა მთლიანად გადაფარა ის სიტუაცია და გარემოება, თუ რატომ იყო აუცილებელი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კლინიკაში. ყველაფერი მიდის ბიძინისტანურად და გეგმაზომიერად,რათქმაუნდა მოყვარედ და შენიანად წოდებულთა დახმარებით.“ – არ უნახავს თვალით იაგო ფრანგიშვილს კლინიკაში მყოფი სააკაშვილი და დაესიზმრა მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია?
ახლა რაზეც საუბრობს ოჯახი, ხომ ამბობს გიული ალასანია, მძიმე მეტალებზეა საუბარი სამედიცინო დასკვნაში და ეს მძიმე მეტალი იწვევს მოწამვლასო და ვკითხულობ, დაესიზმრა ფრანგიშვილს მძიმე მეტალები მაისში, თუ წინასწარმეტყველია? იწინასწარმეტყველა? ჩაუტარდა მაისში მძიმე მეტალებზე კვლევა და არ აღმოაჩნდა? თუ არ ჩაუტარდა? სანამ ჩვენ დავიწყებდით საუბარს, ცოტა ხნით ადრე, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ბრძანა, საქმის მასალებიდან ზუსტად ჩანს, სად გახდა ეს ადამიანი განსაკუთრებით ცუდად, გონების კარგვის პირველ ეპიზოდზეა საუბარი. შემდეგ მას სამჯერ ჰქონდა კიდევ გონების კარგვის ეპიზოდი.“ – და როდის ჰქონდა სააკაშვილს გონების კარგვის პირველი ეპიზოდი? 2021 წლის 18 ნოემბერს, ერთი წლის წინ. ანუ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ სააკაშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უკვე მოწამლული იყო, 2022 წლის აპრილში და მაისშიც მოწამლული იქნებოდა, ხო? ანუ, მაშინ, როცა ექიმები მის მოწამვლაზე საუბრობდნენ და ფრანგიშვილი პირდაპირ გერმანიიდან ითხოვდა ზუსტად იმ ანალიზს, რომელი ანალიზის მიხედვითაც ახლა იგივე მძიმე მეტალზეა საუბარი. ნიკა გვარამია ევროკომისარ ვარჰეის კი გამოეხმაურა ციხიდან, მაგრამ მიშას მოწამვლაზე გულისამაჩუყებელი წერილი არ დაუწერია და რატომ? იმიტომ რომ უკვე მტკიცებულებები აქვთ და აღარაფერში სჭირდებათ გულისამაჩუყებელი წერილები? შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი რა იქნებოდა ყველამ წინასწარ იცოდა.
ახლა კი ძალიან ფრთხილად საუბრობენ ადვოკატები და რუსეთი მოწამლავდა მიშას, თუ მოწამლულიაო, ამბობენ, კი ამბობენ, აბა, რაში სჭირდება ოცნებას მიშას სიკვდილი, მათ ჰყავთ დაკავებული და ძალით მისი მოკვლა არავის უნდაო, იმასაც ამბობენ ახლა, თუ მოწამლულია, ვერ ვიტყვით რომ გამიზნულად მოწამლესო, მაგრამ რა წამსაც თავს გარეთ დაიგულებს მიშა, როგორ გგონიათ, ვის დააბრალებს მის მოწამვლას? მხოლოდ პუტინს? პუტინი ჩამოვიდა და მომწამლაო, იტყვის, თუ მოწამვლა დაუდასტურდა? ცხადია, ივანიშვილს დაადებს ხელს პირადად და იტყვის, რომ პუტინის დავალებით, პირადად ივანიშვილმა მოწამლა – აგერ თქვენ და აგერ მე.
ხალხი გაბრაზდება ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი რომ გარდაეცვალოს, ან ციხეში მყოფი პრეზიდენტი, ისე რომ დაავადმყოფდეს, რომ ვეღარ გაიაროს, ვეღარ იაზროვნოს, მაგრამ თუ ხალხი გაიგებს, რომ ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მოწამლეს, უკვე მხოლოდ კი არ გაბრაზდება, რეაქციაც ექნება და ამ დროს, უკვე ნაციონალური მოძრაობის სათავეში უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც მიშასთვის იბრძოლებს. დიდი ალბათობით, ნიკა მელია არ მოაწერს ხელს იმას, რასაც მოაწერს ხელს ვანო მერაბიშვილი, ლევან ვარშალომიძე კეზერაშვილის დახმარებით.
შესაბამისად, საერთოდ არ მგონია დამთხვევა, მიშას მოწამვლაზე დაწყებული საუბრები და პარტიაში მიმდინარე არჩევნები, პირიქით, ერთი დიდი გეგმის ნაწილი მგონია.
კომენტარები