მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, ტვ პირველთან საუბრისას, ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნების მიხედვით, სააკაშვილს აქვს დაავადებები, რომლებიც ითვალისწინებენ მის გათავისუფლებას და ასევე აქვს დაავადებები, რომლებიც ითვალსიწინებენ სასჯელის გადავადებას.
შალვა ხაჭაპურიძე:
-ჩვენ დავაყენეთ გათავისუფლება, რათა სრულად იყოს დაცული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები და თუ სასამართლო ჩათვლის, რომ შესაძლებელია გათავისუფლება არ დააკმაყოფილოს, მაშინ მოხდეს სასჯელის გადავადება.
ექსპერტიზის დასკვნა და ავადმყოფობის სიმძიმე არ არის მხოლოდ სასჯელის გადავადების საფუძველი. გათავისუფლებაზე კიდევ უფრო მარტივადაა საკითხი, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა და თუ მხარეები ვთანხმდებით, რომ ეს დიაგნოზი დასმულია და ვენდობით ორივე მხარე ექსპერტის დასკვნას, ცალსახად გათავისუფლებაზე მიდის საუბარი. გადავადების შემთხვევაში სხვა საკითხებია – უტარდებოდა, თუ არა პირს ადეკვატური მკურნალობა, როგორია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, გააგრძელებს თუ არა დანაშაულებრივ საქმიანობას, არის თუ არა საზოგადოებისთვის საშიში და 14 ჩამონათვალია – მთელი რიგი საკითხების განხილვა ხდება. ჩვენ გავაჟღერეთ, რომ უნდა დაიკითხოს ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი, იქნა დასმული კითხვა, რატომ უნდა დაიკითხოს, ხო? ისინი არიან მოწმეები კონკრეტულ საქმეებზე და იმ საქმეებზეა სააკაშვილი გასამართლებული, მერე, როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს, აღმოვაჩინეთ გაზეთებში მათი განცხადებები, ჩვენ მოვალთ და მივცემთ ჩვენებებსო, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა და უარი უთხრა ამ შუამდგომლობაზე ადვოკატებს. ახლა, რაკი პიროვნული მახასიათებლები უნდა წამოვიდეს წინა პლანზე, აქ გაჩნდა აუცილებლობა, დაიკითხონ ეს ადამიანები და სასამართლომ მოუსმინოს. არ ვიცი, რა ჩვენებს მისცემენ, მაგრამ, გაზეთებში და საჯარო მიმართვებში ისინი ამბობდნენ, რომ მისცემდნენ ჩვენებებს, მაგრამ მათ სასამართლომ ამის უფლება არ მისცა.
კომენტარები