ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ სააკაშვილის საქმეზე ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე:
– „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს არ სჯერათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ამბობენ, რომ სიმულანტობს და თვითდაზიანებებს იყენებს…
– თუ სიმულანტობს, მაშინ რატომ არ მიიყვანეს სასამართლო პროცესზე? რატომ არ ანახეს ხალხს? ერთი სურათი ან ვიდეო მაინც გამოაქვეყნონ, ნახოს ხალხმა, რომ კარგად არის. რა ვიცი, ვითონ როდესაც დასჭირდათ, ციხის კამერებიდან მთელი ვიდეო-კოლაჟი გაასაჯაროეს. ამათთვის ეტყობა არაფერს ნიშნავს ერთი ადამიანის სიცოცხლე. მე-19 საუკუნეში, დიდ ბრიტანეთს ჰყავდა ორი დიდი პოლიტიკოსი, უილიამ გლადსტონი და ბენჯამინ დიზრაელი, შემდგომში, ლორდი ბიკობსფილდი. ერთმანეთს ცვლიდნენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გლადსტონი ოთხჯერ იყო პრემიერი და ეს რეკორდია, ბიკობსფილდი კი ორჯერ იყო პრემიერი. ლორდთა პალატაში, მათი ყველა დისკუსია, ორატორული ხელოვნების ნიმუში იყო. ერთხელ ლორდმა გლადსტონმა ბიკობსფილდს უთხრა, თქვენთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს და გახსოვდეთ, რომ ავღანეთის მიყრუებულ სოფელში მცხოვრები მოხუცის და ბრიტანეთის მოქალაქის, ლონდონში მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს ერთი ფასი აქვსო. რა გამოდის ახლა? ჩვენ მე-19 საუკუნის ბრიტანეთის დონეზეც არ ვართ ფასეულობებით. ყველაზე მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა და რასაც ლორდი გლადსტონი მაშინ ამტკიცებდა, ჩვენ დღეს იმავეს მტკიცება გვიწევს… ახლა სასამართლო ჩანიშნეს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, სასჯელი უნდა გადაუვადდეს თუ არა სააკაშვილს. სამი შვილიშვილი მყავს და სამივეს გეფიცები, ნახევარი მსოფლიო რომ მაჩუქონ, იმ მოსამართლის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მოსამართლე არ გადაუვადებს სასჯელს სააკაშვილს და თუ რამე მოხდა, ისიც კოლექტიური მკვლელობის თანამონაწილე გახდება. ასევე, არ ვინატრებდი ჩვენი პრეზიდენტის ადგილზე ყოფნას. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია შეიწყალოს სააკაშვილი და დასრულდება ყველაფერი. დავუშვათ, გარდაიცვალა სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი მალე პრეზიდენტი აღარ იქნება, საფრანგეთში აპირებს მერე წასვლას პენსიონერი ექს-პრეზიდენტი და ქალმა, დედამ, როგორ უნდა იცხოვროს, რომელსაც შეეძლო ერთი სიცოცხლის გადარჩენა და ეს არ გააკეთა. იმ საზოგადოებაში, სადაც საფრანგეთში იცხოვრებს, ხომ ჰკითხავენ, რატომ არ შეიწყალე და რატომ არ გადაარჩინე შენი წინამორბედიო? თუმცა, ჯერ ყველა იმედს არ გადავიწურავ, რადგან საბოლოდ არ ვიცი, ან მოსამართლე რას იზამს, ან პრეზიდენტი. აქ ისიც ვთქვათ, რომ პრეზიდენტს აშანტაჟებენ, თუ შეიწყალებ, სააკაშვილი ქვეყანაში არეულობას მოაწყობსო. რისი მომწყობია, სად აქვს მაგის ჯანმრთელობა. ადგნენ, გაუშვან უცხოეთში სამკურნალოდ და მერე, თუ ციხეში ვერ იხდის სასჯელს და კვდება კაცი, შიდა პატიმრობაში მოახდევინონ დარჩენილი ვადა. უცხოეთში თუ გავუშვით, მაშინ შეიძლება გაიქცესო. სად და როგორ გაიქცევა, კლინიკაში ბარდაგი დაიცავს. რატომ „ვივამედიდან“ ვერ გარბის? როცა დააწვინეს, არ იყო ამ მდგომარეობაში, ფიზიკურად შეეძლო გაქცევა… რაღაც შურისძიებას ჰგავს ეს ყველაფერი, რომ ბოლომდე თავისი გაიტანონ. მზად არიან, კაცის სიკვდილზე ხელი მოაწერონ. ესენი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები არიან თუ ჯალათი- მოსამართლეები?
– ბატონო სოსო, პირდაპირ გკითხავთ – მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ მოკვდეს, რა საერთაშორისო რეზონანსი და შედეგები შეიძლება მოჰყვეს?
– რას იზამს და არ მოუწონებენ ხელისუფლებას. ომს არ გამოგვიცხადებენ, მაგრამ დემოკრატიული სამყარო ჩვენთან მიდგომას შესცვლის. ქვეყანას ეს ნაკლებად შეეხება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ბევრგან და ცუდად დახვდება ეს ამბავი. თუმცა, ვატყობ, ეს ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს. ყველაფერს აკეთებენ დასავლეთთან ურთიერთობის გასაფუჭებლად, ევროკავშირში, ნატო-ში მიღების პერსპექტივა დაუკარგონ ქვეყნას. მინიმუმ, იმდენი მაინც გააკეთონ, თავად როდესაც წავლენ ხელისუფლებიდან, მომავალ ხელისუფლებას ამის გაკეთება გაუჭირდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სპეციალურად კლავენ სააკაშვილს, ეს მიზანი აქვთ, რადგან ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე. „ქართულ ოცნებას“ ფსონი ხომ რუსეთზე აქვს დადებული და არა დასავლეთზე. „ოცნებას“ არ ადარდებს, რას იტყვიან მასზე ევროკავშირი, ამერიკის სენატი თუ ამერიკის ელჩი. თუ ვინმე გააკრიტიკებს ამ ხელისუფლებას, ყველას ქვეყნის მტრად აცხადებენ. იმიტომ გვაკრიტიკებენ, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდათო. ამაზე უკვე მეცინება, სერიოზული ლაპარაკი არ ღირს. საარჩევნო და სასამართლო სისტემა, პროკურატურა არ გივარგა, ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული, ერთი კაცი სახლში ზის და მართავს ქვეყნას, ამ ყველაფერთან ომი რა შუაშია? მერე, ამ კელი დეგნანს, ამერიკის ელჩს არ ანებებენ თავს. ამათ ჰგონიათ, დეგნანი საკუთარ აზრებს ახმოვანებს. ელჩის აზრი სახელმწიფოს პოზიციაა. ამ შემთხვევაში, ამერიკის ელჩის აზრი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაა. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტი არც ერთ ელჩს არ აძლევს უფლებას, ისეთი რამ თქვას, რაც ეწინააღმდეგება თეთრი სახლის პოზიციას, რაც მის ინტერესებში არ შედის, კელი დეგნანი გელაპარაკება? ჩათვალე, ამერიკის პრეზიდენტი გელაპარაკება. ამხელა იდიოტები როგორ არიან, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ ვერ ხვდებიან? ეს განდგომილები, რომ არიან, „ქართული ოცნებიდან“ ვითომ რომ წამოვიდნენ და „ხალხის ძალა“ შექმნეს, კვირა არ გავა, კელი დეგნანი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში არ დაადანაშაულონ. ელჩის უფლებამოსილება მკაცრად არის განსაზღვრული ვენის კონვენციით, რომელსაც საქართველოც მიერთებულია. ამ კონვენციის მიხედვით, ელჩს არ აქვს იმ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, სადაც დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ზოგადად, არც ერთი ჩინოვნიკი არ არის შეზღუდული მოქმედებებსა და განცხადებებში, ჩარჩოებში ჩაჭედილი, როგორც ელჩები. მკაცრად აქვთ ყველაფერი განსაზღვრული. ინსტრუქციის გარეშე ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. ჰოდა, თუ ამერიკის ელჩი მართლა ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, თუ დესტრუქციულ ძალებს ახალისებს, რასაც „ხალხის ძალა“ გვიმტკიცებს უკვე თვეებია, ადგნენ, გამოვიდნენ, კონკრეტული მტკიცებულებები დადონ. მერე ხელისუფლებამ განაცხადოს, რომ ელჩმა დაარღვია ვენის კონვენციის ესა და ეს მუხლი და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადონ და ქვეყნიდან გააძევონ. ასე ხდება ცივილიზებულ სამყაროში. ხელისუფლება არ აკეთებს ამას? „ხალხის ძალამ“ გამოაცხადოს პერსონა ნონ-გრატად და იგივე მოსთხოვოს ხელისუფლებას. არა, ამას არ აკეთებენ, რადგან არც „ხალხის ძალას“, არც „ქართულ ოცნებას“ იმის ერთი ადგილი არ გააჩნიათ, ამერიკას ასე ღიად დაუპირისპირდნენ. ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობის გასაზრდელად ლაქლაქებენ ამდენს. ამათ რაიმე მტკიცებულება, რომ ჰქონდეთ, ამერიკის ელჩის ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისა, აქამდე ათჯერ გაასაჯაროებდნენ.
კომენტარები