20 წლის ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა, ძაღლები კი გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. NBC-ის ცნობით, ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.
შემთხვევა გასული წლის თებერვალში მოხდა. რაიან ფიშერი ლედი გაგას ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა, რა დროსაც ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორი ძაღლი გაიტაცა. ფიშერი მძიმედ დაიჭრა, თუმცა ექიმებმა ის გადაარჩინეს. სასამართლოში მან განაცხადა, რომ ჯექსონს მის საქციელს პატიობს.
ბულდოგების გაუჩინარების შემდეგ ლედი გაგას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირს, რომელიც ძაღლებს დააბრუნებს, 500 000 დოლარს გადაუხდიდნენ და არანაირ კითხვებს არ დაუსვამდნენ. ძაღლები დააბრუნა ქალმა, რომელიც მოგვიანებით დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს.
სულ საქმეზე ჯექსონის გარდა ოთხი ადამიანი დააკავეს. ორ მათგანს გამოძიება გამტაცებლის უშუალო თანამზრახველებად მიიჩნევს. მათ მიმართ განაჩენები სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია. გამოძიების მხარე აცხადებს, რომ დანაშაულის დაგეგმვისას გამტაცებლებმა ძაღლების პატრონის ვინაობა არ იცოდნენ და მათ მოტივს მხოლოდ ამ ჯიშის ძაღლების მაღალი ფასი წარმოადგენდა.
„იმედინიუსი“
კომენტარები