კორონავირუსის პანდემიის პირობებში უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოსახლეობის მინიმუმამდე დასული ინტერესი ავტომობილების შიდა ბაზარზეც ისევე მძიმედ აისახა, როგორც სხვა დარგებზე. ავტოდილერები ჩაკეტილი საზღვრებისა და მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო, სამომავლოდ ავტომობილებზე ფასების ვარდნას ვარაუდობენ.
„ახლა ავტობაზარზე აქტიურობა ფაქტობრივად განულებულია. ფასები შემცირებულია, მაგრამ სამომავლო პროგნოზების გაკეთება რთულია. ავტომობილის ღირებულების მკვეთრი შემცირების რისკი კი ნამდვილად არის. ჩვენი ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა. ახლა საზღვრები დაკეტილია და თუ ასე დიდხანს გაგრძელდება ფასიც მკვეთრად დავარდება.“ – ასე აფასებს ავტომობილების შიდა ბაზარზე არსებულ სიტუაციას კომპანია mycar.ge-ს დირექტორი გია დვალი.
„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე ავტობაზარზე სამომავლო კრიზისის საწყისად მოწოდების ჯაჭვის წყვეტას ასახელებს. საზღვრების ჩაკეტვის გამო მინიმუმ 3 თვის მანძილზე მოწოდების შეჩერება ავტომობილები ღირებულებაზე გავლენას მოახდენს, თუმცა სურგულაძის თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება და ბაზრის გახსნის შემდგომ დაკორექტირდება როგორც მოთხოვნა, ასევე ფასიც.
„ჯერჯერობით, ავტომობილებზე ფასების შემცირების არანაირი ტენდენცია არ ფიქსირდება იმიტომ, რომ უბრალოდ არ იყიდება არაფერი, ფასი რაზე უნდა შემცირდეს, როცა ბაზრობა დაკეტილია. მოწოდების ჯაჭვს თუ დავუკავშირდებთ ყველაფერს, აუცილებლად იქნება ჩავარდნა ქვეყანაში და მოთხოვნაც ალბათ დაკორექტირდება, მაგრამ არ მგონია რომ მთლიანად დაეცეს ავტომობილის ფასი. არსებული, უკვე ჩამოსული მანქანების ფასი არამგონია დიდად გაიაფდეს. მაგრამ ბაზარს ძალიან გაუჭირდება – თვეში 8000-მდე მანქანა იყიდებოდა, 5 თვე ალბათ არ იქნება მიწოდება, შესაბამისად, 40 000 ავტომობილს ვერ დააკომპენსირებს ეს ბაზარი ვერანაირად. ახლა რა რაოდენობაც ნაყიდია, ეს აპრილის თვეში დაიცლება და მერე უზარმაზარი წყვეტა გვექნება.“- აღნიშნავს გიორგი სურგულაძე.
ცნობისთვის, 2019 წელს ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა. ფოთის პორტი კი პრაქტიკულად კოლაფსში აღმოჩნდა იმიტომ, რომ ვერ შეძლო ამ რაოდენობის მანქანების კონტეინერების გატარება.
კომენტარები