ჟურნალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია:
„ლამაზი თვეა დეკემბერი. დედამიწა განათებული და გაბრჭყვიალებულია. 16 – ში მე მემატება ერთი წელი, 31-ში სამყაროს. 2022-ში, ჩემი ყველაზე წარმატებული საქმე, ესპანურის გრამატიკის ახალი სახელმძღვანელოს დაწერა იყო, რომელიც იანვარში დაიბეჭდება, კაცობრიობისთვის კი თერმობირთვული რეაქციის შედეგად ენერგიის მიღება, რაც სრულიად შეცვლის ჩვენი პლანეტის მომავალს. თუმცა, პოლიტიკურ-ფეისბუქურ-ხელჩართულ ბრძოლაში თავით გადაშვებულ, ორად გახლეჩილ ქართულ საზოგადოებას, ეს ამბავი, მგონი არც შეუმჩნევია.
ჩემს თავს ჯანმრთელობას და მშვიდად მუშაობის შესაძლებლობას ვუსურვებ, კაცობრიობას – მთელი თავისი ფინანსური და გონებრივი პოტენციალის სამეცნიერო და სამედიცინო სფეროს განვითარებისკენ მიმართვას. ამ პლანეტის ისტორიის მანძილზე, ზემოთხსენებული რესურსები ომებზე რომ არ დახარჯულიყო, ახლა ექსკურსიებზე ვიფრენდით მარსზე, ალცჰაიმერსაც ექნებოდა საშველი, ონკოლოგიასაც და არც კოვიდის მსგავსი მაიმუნი ვირუსები გამოგვკეტავდა თვეობით სახლში“
კომენტარები