ანი დვალიშვილი
„ალია“ ექსკლუზიურად წერდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალი წლისთვის არამარტო გადასახადებს გააძვირებდა, არამედ სხვა მომსახურების ფასებიც აიწევდა. ყველაზე მეტ აქცენტს ხელისუფლება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აკეთებს, რადგან, ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი მანქანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ცვლილება ამ მიმართულებით, ბიუჯეტში დამატებით თანხებს შეიტანს. ამას გარდა, იგივე ხელისუფლება ბიუჯეტზე ჩამოკიდებულ თუ დამოკიდებულ ხარჯებსაც ამცირებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომავალი წლიდან კლინიკებში ბანკის წარმომადგენელი დაგხვდებათ. ჰო, ბანკის წარმომადგენელი, რადგან ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე არაერთმა კლინიკამ მიიღო და ჩვენც სამედიცინო სფეროთი დავიწყოთ.
„ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიღო ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, პაციენტებს მომსახურება გაუძვირდათ. მაგალითისთვის, თუ ადრე სასწრაფო-გადაუდებელ ოპერაციას სრულად ანაზღაურებდა საყოველთაო დაზღვევა, ახლა ეს ციფრი საუკეთესო შემთხვევაში 60%-ია. გამოდის, რომ 1000 ლარიდან, 400 პაციენტმა უნდა გადაიხადოს და ის ვერ ხვდება, რატომ სთხოვს კლინიკა ფულს, რადგან ახალი რეგულაციების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტრომ საინფორმაციო კამპანია არ ჩაატარა, რამეთუ თემა არაპოპულარულია და მოსახლეობისთვის მისაღები არაა. ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება, როცა საქმე გულის ურთულეს ოპერაციას ეხება, პაციენტს შესაძლოა 2, 3 და 4 ათასის გადახდაც კი მოუხდეს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლინიკებში ბანკის წარმომადგენლები დავსვათ და ოპერაციაზე განვადება გაკეთდეს. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს“, – ეს სიტყვები ერთ-ერთი ქსელური კლინიკების ფინანსურმა დირექტორმა გვითხრა.
თავის მხრივ, წუწუნებს საბანკო სექტორიც, რადგან ლამის 2-მილიარდიანი მოგება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ფინანსურ ორგანიზაციებს ხელისუფლება გადასახადს უძვირებს. როგორ გგონიათ, ვისზე აისახება ეს გაძვირება? სწორია – მოსახლეობაზე და ბანკები თუ მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები, სესხის პროცენტის გაზრდასთან ერთად, გაზარდიან გატანის საკომისიოს, შეამცირებენ ანაბრებზე საპროცენტო სარგებლის განაკვეთს, რაც საბოლოო ჯამში, რიგითი ადამიანების ჯიბეზე დარტყმა იქნება.
კომენტარები