პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსთან” განაცხადა:
„ერთი, რაც ძალიან რთული სათქმელია, მიჭირს დაშვება, მაგრამ მგონია, რომ როგორც ჩანს, რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაღაც ვალდებულებები არსებობს, რადგან ასეთ მძიმე უღელში არიან შებმულები. სხვაგვარად ვერ ვხსნი. უმწიფრობასაც აქვს თავისი საზღვარი. გამოუცდელობასაც აქვს რაღაც ლიმიტი, ეს ყველაფერი ამ ლიმიტს სცდება. ვინ არის ის, ვინც ამას მიიღებს – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალიან მცირე ნაწილი. დიდი ნაწილი, ვინც „ოცნებას“ უჭერდა მხარს და ვისაც ეს კრიტიკული აზროვნება აქვს, ასეთ ბოდვას, როგორც რეალობას ვერ მიიღებს. ვერასდროს დავიჯერებ, მაგრამ დავუშვათ, რომ სიმართლესთან არის ახლოს და დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ უკრაინაში ომის შეჩერება კი არ არის ამბავი, არამედ ამოცანა არის საქართველოშიც ომის გაჩაღება. წარმოვიდგინოთ, რა ხიფათის შემცველია, საქართველოში რომ საომარი მდგომარეობა იყოს. ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინაში მოხდეს ლოკალიზება. ერთი წუთით რომ დავუშვათ, რომ დანარჩენი ცივილიზებული სამყარო ამ შეთქმულების მონაწილეა. დაუშვებელია ასე საუბარი მით უფრო, როდესაც გავიაზრებთ, რა რესურსს ხარჯავს დასავლეთი, რომ ეს ომი უკრაინის სასარგებლოდ რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ყოველთვის ერთად მივდიოდით. მახსოვს, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი შეიქმნა, ევროპარლამენტში ასოცირების კომიტეტის წევრი ვიყავი. როდესაც ვმუშაობდით, წარმოუდგენელი ტემპით სწრაფად მივდიოდით წინ, რომ საკანონმდებლო პროცესი ჰარმონიზებული ყოფილიყო მოთხოვნებთან. ასე კი არ მივჩანჩალებდით და ამ 12 პუნქტზე კი არ გვქონდა ამხელა ჭიდილი. 120 და 220 კანონს ვიღებდით სასესიო პერიოდში. დღე და ღამე ვმუშაობდით, რომ პირველი ეტაპი სწრაფად გაგვევლო. მაშინ თუ გვქონდა ეს პოლიტიკური ნება, ახლა რატომ არ არის? მაშინ გვქონდა პოლიტიკური ნებაც, მზაობაც, არაფერი ხელს არ გვიშლიდა. თუ გვიშლიდა, ამ წინაღობებს ძალიან სწრაფად ვლახავდით, შიგნით არ გვქონდა რაიმე ჭმუნვა და ფიქრი – გვინდა ევროკავშირი თუ არა“
კომენტარები