„ფლანგვის დეტექტორი“ ახალ კვლევას აქვეყნებს:
ნიკოლოზ ქობულაძე წლების განმავლობაში პოსტ ტვ-ზე სხვადასხვა გადაცემების წამყვანი და სტუმარი იყო, სადაც ის აქტიურად უჭერდა მხარს მმართველ პარტიას და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ეწეოდა.
2019 წლიდან ის პოსტ ტვ ანალიტიკისთვის იწერს ყოველკვირეულ ვიდეო ბლოგებს, რომელიც ავრცელებს სამთავრობო პროპაგანდას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს . ბოლო ვიდეობლოგებში იგი ცდილობს დასავლური სახელმწიფოები საქართველოს მტრად წარმოაჩინოს და ავრცელებს სამთავრობო პროპაგანდას, საქართველოში ე.წ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ.
ნიკა ქობულაძე არ იქნებოდა ფლანგვის დეტექტორის კვლევის ობიექტი, რომ არა მისი საქმიანობა ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, სადაც ის საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა. კერძოდ, 2018 წლის მარტში იგი თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მრჩევლად დაინიშნა. ერთი თვის მუშაობის შემდეგ, წლის მარტის ბოლოდან იგი სააგენტოს დირექტორის მოადგილე გახდა. 2018 წელს მისმა შემოსავალმა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში 41,000 ლარი შეადგინა, 2019 წელს 51,200 ლარი, ხოლო 2020 წელს 47,700 ლარი. საერთო ჯამში, ამ სამი წლის განმავლობაში მან ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 139,800 ლარი მიიღო.
2020 წლის აგვისტოში ის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, რა თანამდებობასაც 2022 წლის 14 დეკემბრამდე იკავებდა. 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით მისმა ხელფასმა დირექტორის რანგში 106,300 ლარი შეადგინა.
მისი, როგორც დირექტორის თავდაპირველი თვიური ხელფასი 4,500 ლარი იყო, შემდგომში 5,600 ლარი, ხოლო 2022 წლიდან მისი თვიური ხელფასი 6,160 ლარი გახდა, საიდანაც 4,829 ლარს ხელზე იღებდა.
საერთო ჯამში ნიკა ქობულაძეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ხელფასის სახით ბოლო 4 წელში მიღებული აქვს 246,100 ლარი
2022 წლის 14 დეკემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის პოსტზე გიორგი კობიაშვილი წარადგინა, მანამდე კი – სამი წლის განმავლობაში, თბილისის მერია არ ნიშნავდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს და მის მოვალეობას ასრულებინებდა ადამიანს, რომლის ძირითად საქმიანობა ოპოზიციისა და დასავლეთის დისკრედიტაცია და აგრეთვე ხელისუფლების პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაა. სავარაუდოდ, სამთავრობო უწყებაში დასაქმება და მაღალი ხელფასი მისი ერთგვარი ჯილდოა.
ამავე დროს აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2022 წლის ოქტომბერში ნიკა ქობულაძე, პოსტ ტვ-ის სხვა წამყვანებთან ერთად შეურთდა ე.წ “ხალხის ძალას”, რომლის მიზანიც ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებაა. ამ ანტიდასავლურ მოძრაობას უკვე შეურთდა ქართული ოცნების 8 პარლამენტარი და საკრებულოების წევრები სხვადასხვა რეგიონებიდან. არც ერთი მათგანი არ მალავს, რომ ქართულ ოცნებასთან კავშირი არ გაუწყვეტიათ და ხშირად, ისინი ოცნების პარტიულ ღონისძიებებსაც ესწრებიან.
შესაბამისად, ნიკა ქობულაძის ამ მოძრაობასთან შეერთებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის სახელისუფლებო პროპაგანდის აქტიური გამავრცელებელია და სავარაუდოდ სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც საბიუჯეტო ორგანიზაციაში მაღალშემოსავლიან თანამდებობას რამდენიმე წელი ინარჩუნებდა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტის დაახლოებით 50% წლებია თანამშრომელთა ანაზღაურებებში იხარჯება და ეს არც ნიკა ქობულაძის დირექტორობის პერიოდში შეცვლილა.
2020 წელს, სააგენტოს ბიუჯეტი 4,154,800 მილიონი ლარს შეადგენდა, აქედან კი 2,094,055 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურებებში იხარჯებოდა. 2021 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი 3,806,700 მილიონი ლარი იყო და აქედან ნახევარზე მეტი – 2,117,770 მილიონი ლარი ხელფასებში დაიხარჯა. ასეთივე სურათია 2022 წელსაც, სააგენტოს ბიუჯეტი 4,350,700 ლარს შეადგენს, შრომის ანაზღაურებებში კი ჯამურად 2,412,700 მილიონი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი.
სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს თავშესაფარში შეიყვანეს 7,674 ძაღლი და 1 549 კატა, მათგან სტერილიზაცია ჩაუტარდა 2,510 ძაღლსა და 518 კატას, კასტრაცია კი – 1,462 ძაღლსა და 230 კატას. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, თავშესაფარში შეიყვანეს 8,507 ძაღლი და 1,854 კატა, მათგან სტერილიზაცია ჩაუტარდა 3,056 ძაღლსა და 693 კატას, ხოლო კასტრაცია – 1,757 ძაღლსა და 228 კატას. შესამჩნევია, რომ აღნიშნული ორი წლის მონაცემები ერთმანეთისგან მხოლოდ მცირედით განსხვავდება და 2021 წელს 2020 წელთან შედარებით კასტრირებული და სტრელიზებული ცხოველების რაოდენობაში პრაქტიკულად გაუმჯობესება არ არის. 2022 წლის პირველი 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) მონაცემების მიხედვით კი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ჯამურად 2,780 სტერილიზაციისა და 1,425 კასტრაციის ოპერაცია ჩაატარა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ დარჩენილ სამ თვეში სააგენტოს იმ რაოდენობის სტერილიზაციისა და კასტრაციის ოპერაციები ჩაეტარებინა, რაც გასულ წლებთან შედარებით მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით განსხვავებულ სურათს მოგვცემდა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ბიუჯეტის ამგვარად განაწილების პარალელურად საინტერესოა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა თბილისში თუ შემცირდა.
უსახლკარო ცხოველების პოპულაციის მართვას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ეფექტურად ვერ უმკვლავდება, რასაც ადასტურებს აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევა, სადაც ჩანს, რომ თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად გზების სისუფთავე, კომუნალური გადასახადები და უსახლკარო ცხოველები აწუხებს. NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 23% უსახლკარო ცხოველებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად ასახელებს და ეს მაჩვენებელი ამავე კვლევის მიხედვით 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია.
კომენტარები