თამო კეშელავა
დიდი არეულობაა ოცნების მომხრეებში, „ალია“ მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა წყაროსგან ინფორმაციებს იღებს. რამდენიმემ უკვე ღიად დაიწყო მიშას მოწამვლაში სხვების დადანაშაულება და ისე ღრმად შეტოპეს, მტკიცებულებების გარეშე იმ ადამიანების დასახელებაც დაიწყეს სახელებით და გვარებით, ვისაც მიშას მოწამვლას დააბრალებენ და თუ საჭირო გახდება, ციხეებშიც ჩააყუდებენ. ასახელებენ ადვოკატებს და ნაციონალური მოძრაობის ერთ წევრს, ვისაც ხშირი კონტაქტი აქვს მიშასთან. ეს ვერ დაბრალდება მელიას და ვერც ხაბეიშვილს, რადგან, ისინი თითქმის არ შედიან მიშას სანახავად. „ეჭვი გეპარებათ, რომ სწორედ იმიტომ არ შედიან ასე ვთქვათ, წინა ხაზე მყოფი ლიდერები მიშასთან, რომ მიშას არ უნდოდა მათი იქ შესვლა? ძალიანაც ენდომებოდათ მათთვის დაებრალებიათ მოწამვლა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ახერხებენ. უნდა დააბრალონ იმ ადამიანს, ვინც ხშირად შედის, თან იმდენად ხშირად, რომ რომელ ჯერზე მოწამლა და რანაირად მოწამლა, ვერ გავიგეთო, რომ თქვან, იმდენად ხშირად იყო შემოსულიო. ნაციონალური მოძრაობიდან ვის დააბრალონ მიშას მოწამვლა, ეგ უკვე დაგეგმილი აქვთ, აი, ადვოკატებს რაც შეეხება, მანდ ცოტა აირივნენ, გააჩნია, რას იტყვიან, რომელ პერიოდშია მიშა მოწამლულიო და იმისდა მიხედვით დააბრალებენ – რომელ პერიოდშიც რომელი ადვოკატი შედიოდა ხშირად, იმას დაადებენ ხელს.“ – გვეუბნება წყარო.
მისივე მონაყოლით, მიშას „მომწამვლელს“ აირჩევენ ერთი მარტივი კრიტერიუმით – რამდენად ხშირად შედიოდა მიშას სანახავად. სულ ეს იქნება მთელი „მტკიცებულებათა ჯაჭვი“. ანუ, თუ ცოტა ხნის წინ, ოცნების მომხრეების იძახდნენ, სადაა მიშა მოწამლული, არაა მოწამლული, რას იგონებენო, ახლა იძახიან, თავისიანები მოწამლავდნენო, ანუ, ელოდება ოცნება, რომ მიშას მართლა მოწამლულად სცნობენ და წინასწარ ეძებს განტევების ვაცებს? ახლა მოწმდება ადამიანების რეაქცია, რამდენად დაიჯერებს ხალხი იმას, რომ პატიმარი მიშა, სადაც ყველგან კამერებია, მოწამლეს ხელისუფლების გარეშე. სხვათა შორის, „ალიას“ წყაროს თქმით, ერთ ვერსიად ისიც იგეგმება, რომ სააკაშვილის მოწამვლის დაკვეთა ვანო მერაბიშვილს დააბრალონ, მაგრამ ამ ვერსიას ძალიან ფრთხილად ეკიდებიან, რადგან ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბიძინა ივანიშვილთანაც საკმაოდ კარგად იყო და შეიძლება ეს ის კვალი აღმოჩნდეს, რომელიც ბიძინასკენაც წაიყვანს გზას. მოკლედ, მზადდება „მზაკვრული გეგმის“ გამოაშკარავების გეგმა–2, როგორ მოწამლეს მიშა თავისიანებმა და სოციალურ ქსელში, ოცნების მომხრეებისგან უკვე ვრცელდება 3 სახელი და გვარი „მომწამვლელების“, ერთი ქალის და ორი ადვოკატის. ამ ორი ადვოკატიდან, საბოლოოდ ერთზე შეჯერდებიან, იმაზე, რომლისთვისაც მკვლელის იარლიყის მიკერებას უფრო დაიჯერებს ხალხი… სხვათა შორის, ოცნების ერთ–ერთი მომხრე ძალიან შორსაც წავიდა ფანტაზიაში და მიშას სანამ გაუშვებთ, ხელი მოაწერინეთ დოკუმენტზე, რომ არ არის მოწამლულიო, განაცხადა.
„ორი რამ მინდა ვთქვა, რაზედაც არავინ საუბრობს – პირველი, ამ ბოლოს, აქტუალური გახდა ციხეში ბუნტის დაანონსება, აქაოდა, ბევრი ავადმყოფი პატიმარი მოითხოვს უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასო! კი, მოითხოვს და უნდა მოითხოვოს. პირდაპირ ვამბობ, არიან ქვეყანაში ადამიანები, ადვოკატები, ექსპერტები, დეპუტატები, რომლებმაც იციან, რამდენ ასეულ ავადმყოფ პატიმარს ეკუთვნის სასჯელის გადავადება და არ უვადებენ! ამაზე პირადად ჩემთან საუბრობენ პირად საუბრებში და ახლა საჯაროდ ვთხოვ ამ ადამიანებს, ისაუბრონ ღიად, დაასახელონ პატიმრები, რომლებიც არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ეკუთვნით სასჯელის გადავადება და მაინც არ უვადებენ – საუბარია გულის, თავის ტვინის და სხვა ძალიან მძიმე დაავადებებზე. კი, ნამდვილად შეიძლება დაიწყოს ბუნტი ციხეში, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილს შეიძლება გადაუვადონ პატიმრობა, არამედ, იმიტომ რომ ასეულობით პატიმარს ეკუთვნის სასჯელის გადავადება და უკანონოდ ტოვებენ მაინც საკნებში გამოკეტილებს.
და მეორე – იძახიან, რომ მიშას უნდა გადაუვადონ პატიმრობა და გაუშვან საზღვარგარეთ სამკურნალოდ – ბევრს ეს ასე წარმოუდგენია, გამოიყვანენ მიშას, ჩასვამენ თვითმფრინავში და გაუშვებენ სხვა ქვეყნის კლინიკაში, წაყვება ბადრაგი, დადგება იმ კლინიკის პალატასთან და კვირაში ერთხელ, სადღაც გამოცხადდება მიშა და თითს დაადებს, ან ანალიზის პასუხს წაიღებს – მორიგი სისულელე. როცა პატიმარს გადაუვადდება პატიმრობა 1 წლით, სად იმკურნალებს როგორ და როდის, მხოლოდ მისი საქმეა და ის 1 წელიწადი მას არავინ აწუხებს, სრულიად არავინ. შესაბამისად, მიშას, წესით, სასჯელის გადავადება უფრო აწყობს, ვიდრე შეწყალება, რადგან თაროზე ბევრი საქმე აქვს ოცნებას შემოდებული და შეწყალების შემდეგ, სხვა საქმის ჩამოღება შეუძლია. აი, პატიმრობას თუ გადაუვადებს, რა საქმეც უნდა დაიწყოს, მიშას ხელში ექნება სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, მას 1 წელი მისცეს სამკურნალოდ და გადაუვადეს პატიმრობა. შესაბამისად, თუ მიშას გადავადება უფრო აწყობს სასჯელის, ბიძინას შეწყალება უფრო აწყობს მიშას, რადგან მას სხვა საქმეების სახით, ბერკეტები დარჩება ხელში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, დაჟეჟვას გატეხვას ამჯობინა ბიძინა ივანიშვილმა და სალომე ზურაბიშვილის ხელით შეწყალებისკენ ამიტომაც იხრება.“ – ამბობს „ალიას“ იურისტი რესპონდენტი.
კომენტარები