კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მას შემდეგ რაც ბოლო ინფიცირებულის გამოჯანმრთელებიდან 52 დღე გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
„დღეს ჩავატარეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის საკითხზე შექმნილი საგანგებო კომიტეტის სხდომა. 52 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ახლა დაკვირვებისა და რეაგირების ჯგუფმა ახალი შემთხვევა დააფიქსირა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და შემთხვევების რიცხვის ზრდას ველოდებით“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა.
მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 13 აპრილს ვერ გამოაცხადებს ებოლას ვირუსის სრული დამარცხების შესახებ, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი.
ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.
ებოლას ვირუსი ზაირში 1976 წელს აღმოაჩინეს. ეპიდემიამ პიკს 2014-2016 წლებში მიაღწია. მაშინ ებოლათი 28,6 ათასი ადამიანი დავირუსდა, აქედან 11,3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარები