საინგილოში აღდგომას არ აღნიშნავენ. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ინფორმაციით, წელს პირველად, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრები ქრისტიანები აღდგომას ვერ აღნიშნავენ, რადგან იქ მოქმედი კანონით ყველა სახის რიტუალი აკრძალულია.
მეუფე დიმიტრის განმარტებით, საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ქართველი სასულიერო პირი ამ დრომდე კახის რაიონში იმყოფება, თუმცა ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მსახურებას ვერ შეძლებს.
2016 წლიდან ჰერეთში მოღვაწე დეკანოზმა პეტრე ხუმარაშვილმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიიღო, სხვა შემთხვევაში მას აზერბაიჯანში მსახურებისა და საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევდნენ.
შეგახსენებთ, 2009 წლიდან ჰერეთის სამრევლო დედოფლისწყაროს შეუერთდა და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია ეწოდა. აზერბაიჯანული წყაროების მონაცემებით, ქართველებით დასახლებულ ისტორიულ ჰერეთში ამ დროისთვის, კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დადასტურებული. სამი
ზაქათალის, ერთი კი კახის რაიონში. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე რამდენიმე დღეა საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს აზერბაიჯანშიც.
კომენტარები