„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ანზორ მელიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილს თამაშს თამაშობს.
„მე ვარ იმ აქციაზე, რომელიც თავად პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო. 31-ში უკვე თქვეს, აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მივდივარ იქ“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
კითხვაზე, – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს, ნაწილი კი – მშვიდობის ხიდზე, რატომ ვერ მოახერხა პარტიამ ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბება? – ანზორ მელიამ აღნიშნა: „ვერ მოახერხებს, ძალიან კარგად იცით ყველამ. ახლა ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, ძალა ერთობაშია. როგორ შეიძლება? ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადავარჩინოთ. ვინც პირველად დაგეგმა აქცია, იქ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და მერე რაც უნდათ, ის გააკეთონ“.
კითხვაზე, ემსახურება თუ არა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქცია მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას და ლევან ხაბეიშვილი ასრულებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, ანზორ მელიამ აღნიშნა: „ეს აქცია მაგ მიზანს არ ემსახურება. ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, მეტი არაფერი. ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს, სად არის, მოვიდეს და პირდაპირ ვეტყვი“.
კომენტარები