გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას 2 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
“კითხვები ეხებოდა იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა “ავერსის” აფთიაქში, 2 იანვარს. სიტუაცია იყო ასეთი – გიორგი შევიდა ჯერ მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად თავისი სახლის წინ, შემდეგ იქვე მდებარე აფთიაქში, სადაც ვანო მერაბიშვილი შენიშნა, ამ დროს აფთიაქის ტერიტორიაზე ერთი ქალბატონი იმყოფებოდაო. ის ამ დროს ტელეფონზე საუბრობდა, ბიძისთვის წამლების შეძენა უნდოდა.
გამოძიება იმითაც დაინტერესდა კონკრეტულად რა წამლები უნდა შეეძინა, შემდეგ გიორგიმ დააზუსტა ვანო მერაბიშვილი ხარო? და მან კიო, დაუდასტურა, როგორც აღმოჩნდა გიორგი და ბუტა რობაქიძე ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ და მან გაახსენა, რომ ბუტას მეგობარი ვარო და ჰკითხა, თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზეც ვანო მერაბიშვილის უპასუხია – რაღა დროს ბუტააო. ამაზე გაღიზიანებულმა გიორგიმ მას მოუქნია ხელი. რამდენიმე ხელის მოქნევის დროს კონკრეტულად სხეულის რა ნაწილში მოხვდა ვანო მერაბიშვილს, ამ დეტალებს ეკითხებოდა გიორგის გამოძიება. კონკრეტულად, გიორგიმ ვერ გაიხსენა რა ნაწილში მოხვდა, შემდეგ გაქცეულა, წიხლი ამოუქნევია, ალბათ კამერებში გამოჩნდება ყველაფერი. ამის შემდეგ გაიქცა ვანო მერაბიშვილიო, როგორც გიორგი ამბობს და მას არ გაკიდებია გიორგი, როდესაც მანქანას მიუახლოვდა მერაბიშვილი საჭესთან დაჯდა და წავიდაო.
რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დაზიანება აქვს მიყენებული ვანო მერაბიშვილს, ან აქვს თუ არა საერთოდ დაზიანება. ვანო მერაბიშვილი, როგორც მე ვიცი, გამოკითხვაზე დაბარებულია და თუ ის იტყვი, რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, გამოძიება 126-ე მუხლით გაგრძელდება. თუ ის იტყვის, რომ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, რეალურად, უკვე დანაშაულის ნიშნები აღარ იქნება,”- განაცხადა გიორგი შარაშიძის ადვოკატმა.
ვანო მერაბიშვილის ცემის საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გიორგი შარაშიძემ დღეს უპასუხა.
გამოკითხვაზე დაბარებულია ვანო მერაბიშვილიც, თუმცა რუსთავი2–ის ინფორმაციით, ის ქალაქის მთავარ სამმართველოში მისვლაზე უარს აცხადებს.
კომენტარები