ზაზა შათირიშვილი. ფილოსოფოსი:
„ვინ მართავს ამერიკას? ყველამ იცის, რომ ამერიკას ბაიდენი არ მართავს. ბაიდენს არათუ ამერიკის მართვა არ შეუძლია, ის ცერემონიული ფუნქციების შესრულებასაც ძლივს ახერხებს. აბსურდი იქნება იმის დაჯერებაც, რომ ამერიკას ბლინკენი, ოსტინი ან რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი მართავს. პარტიები ამერიკაში, ტრადიციულად, განსაკუთრებული ძალაუფლებით არასოდეს გამოირჩეოდნენ, თუმცა, ახლა მათი როლი კიდევ უფრო დაკნინებულია, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც რესპუბლიკელებმა კონგრესის სპიკერის არჩევა მხოლოდ მე-15 ცდაზე მოახერხეს. ამერიკის მართვის ბერკეტები ვერ ექნებათ ვერც სპეცსამსახურებს, რომლებიც გეგმების აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელი, მაგრამ თავად გეგმის შემოქმედნი ვერასოდეს იქნებიან.
ასეთ პირობებში, ჩნდება კითხვა – მაშინ, ვინ მართავს ამერიკას, რომელიც, თავის მხრივ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ნახევარ მსოფლიოს აკონტროლებს? გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა ოფიციალურად საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად არის გამოცხადებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
ამ საკითხის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე და მასალების ანალიზის შედეგად, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამერიკას რამდენიმე ოჯახი მართავს. ოჯახების გვარებს, წარმომავლობას, ქონებრივ მდგომარეობას და სხვა დეტალებს დღეს შეგნებულად არ გავშლი. ეს ოჯახები თავდაპირველად, ათწლეულების მანძილზე, საკუთარ გავლენებს მართალია კულისებიდან, მაგრამ მეტ-ნაკლებად კონსტიტუციის ფარგლებში აფართოებდნენ. ღია წყაროებში ფიქსირდება არაერთი ინფორმაცია, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტების საჯარო განცხადებებიც, იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ და ახერხებდნენ ეს ადამიანები საკვანძო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩარევას.
როგორც ჩანს, ოჯახებს საბოლოოდ ცდუნებამ სძლია და მათ ამერიკის კონსტიტუციისა და სახელმწიფოს სრულად მითვისება განიზრახეს, რაც წარმატებით შეძლეს კიდეც. ბოლო პრეზიდენტი, რომელიც მათ არაფორმალურ გავლენებს წინააღმდეგობას უწევდა, დონალდ ტრამპი იყო. თუმცა, ამ დაპირისპირებაში ტრამპი, საბოლოოდ, პირწმინდად დამარცხდა. ბაიდენის პრეზიდენტობა იმის მაუწყებელია, რომ არაფორმალური მმართველობის აღქმის შექმნა ოჯახებს სრულიად შეგნებულად და მთელი მსოფლიოს დასანახად სურთ. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, ისინი მომავალში საჯარო პოლიტიკაშიც კი ვიხილოთ.
ამერიკის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ოჯახები საჯარო პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით ჩნდებოდნენ და იმის დემონსტრირებას ღიად ახდენდნენ, რომ ბიზნესი მართავს პოლიტიკას, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციასა და ანალიზს საზოგადოებას მოგვიანებით შევთავაზებ. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე, კონკრეტული მიზეზების გამო, რომლის შესახებაც საზოგადოებას ასევე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი, ოჯახებს ჩრდილში გადასვლა და ფონდებსა და კლუბებს უკან ამოფარება მოუხდათ. ამ ფონზე, რთული შესაფასებელია, ტრამპის გაპრეზიდენტება მათი შეცდომის შედეგი იყო თუ შეგნებული გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტობამ და ამ ფონზე, ბაიდენის გაპრეზიდენტებამ ოჯახებს ჩრდილიდან გამოსვლისათვის შესანიშნავი ფონი შეუქმნა. ახლო მომავალში შევეცდები, ჩემი კავშირების გამოყენებით, ინფორმაცია ოჯახების შესახებ საერთაშორისო მედიაშიც გავიტანო, სადაც ოჯახების ვინაობასაც დავასახელებ. სწორედ იქ გამოჩნდება, ოჯახებს კვლავაც ჩრდილში დარჩენა სურთ თუ არაფორმალური მმართველობის ლეგალიზება აქვთ განზრახული.
დღიდან დაფუძნებისა, ამერიკა 100-ზე მეტ ომში იყო ჩართული. დონალდ ტრამპი ოჯახებთან ბრძოლაში კი დამარცხდა, მაგრამ მან ჩვენს განსასჯელად ერთი მნიშვნელოვანი შედეგი დატოვა. ბოლო ათწლეულების მანძილზე, ტრამპი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის პირობებში ამერიკას არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა. ეს ფაქტი იმის ნიშანია, რომ ომების ინიცირების თუ პროვოცირების უმთავრესი მიზეზი არა იმდენად წმინდა პოლიტიკური, რამდენადაც ფინანსურ-ეკონომიკური ინტერესები იყო.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ იდეოლოგიის გარეშე დროსა და სივრცეში მდგრადობას ვერავითარი მასშტაბური ძალაუფლება ვერ შეინარჩუნებს. სწორედ ძალაუფლების გასამყარებლად შექმნეს ოჯახებმა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც მათ ამერიკაში, ევროპასა და მსოფლიოს სხვა კუთხეებში პოლიტიკური გავლენის დამყარებასა და გაფართოებაში ეხმარება. ამ იდეოლოგიის საფუძვლები ორუელისა და ჰაქსლის ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში – „1984-ში“ და „საოცარ ახალ სამყაროშია“ აღწერილი, რომლებიც, მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, სწორედ ოჯახების დაკვეთით შეიქმნა.
ტრადიციული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრესიული ათეიზმის ახალი ტალღა, რელიგიური გაერთიანებებისა და რელიგიური დოგმების წინააღმდეგ გალაშქრება, სამეფო ოჯახების იმიჯის დაკნინება, აგრესიული ლგბტ პროპაგანდა და ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებები ერთადერთ მიზანს – სახელმწიფოების ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლას და ადამიანის არა ღვთის სახედ შექმნილ და ღირსების მატარებელ ინდივიდად, არამედ ზომბირებული კოლექტივის რიგით რგოლად ქცევას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, ლიბერალური იდეოლოგია მსოფლიო ისტორიაში ცნობილ ყველაზე აგრესიულ და ნეგატიურ იდეოლოგიებს არაფრით ჩამოუვარდება.
ლიბერალური იდეოლოგია, თავისი შინაარსით, აპარტეიდული ბუნებისაა და იგი ყველა სახის უმცირესობას განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს. ამ იდეოლოგიის მიხედვით, მაგალითად, ქვეყნის წამყვანი რელიგიური გაერთიანება მუდმივი თავდასხმის ობიექტი უნდა იყოს, ხოლო რელიგიური უმცირესობები პროგრესის ეტალონებად უნდა წარმოჩინდნენ, ლგბტ პირი სხვა ადამიანებზე მეტ პატივისცემას და საყოველთაო აღფრთოვანებას უნდა იმსახურებდეს, გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება კი, იდეოლოგიის მიმდევარი უმცირესობის ექსკლუზიური პრივილეგია უნდა იყოს.
ლიბერალურ იდეოლოგიაშიც მოქმედებს სტალინური „ურავნილოვკის“ პრინციპი, რომლის მიხედვით ადამიანების გათანაბრების ერთადერთი ეფექტიანი გზა ძლიერის დაკნინებაა. ქვეყანაში უნდა დაკნინდეს ყველა, ვისაც აქვს პოტენციალი, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ავტორიტეტად და მაგალითად იქცეს, პატრიარქით დაწყებული წარმატებული სპორტსმენით დამთავრებული. დღეს რომ ქართულ საზოგადოებას ელიტები არ ჰყავს, 2004-12 წლების აგენტოკრატიისა და ლიბერალური იდეოლოგიის მაშინდელი აღზევების ყველაზე მძიმე მემკვიდრეობად უნდა მივიჩნიოთ.
ლიბერალური იდეოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებში აგენტოკრატიის დამყარებასა და შენარჩუნებაში. ყველა ვხედავთ, რომ საქართველოშიც ნაციონალური მოძრაობის ყველაზე მყარი სოციალური საყრდენი სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის ბაზისზე და ლიბერალების სახით შეიქმნა. გარდა რამდენიმე მცირე გამონაკლისისა, დღევანდელ ევროპაში ხელისუფლებების მთავარი იდეოლოგიური ხაზი სწორედ ლიბერალიზმს ემყარება.
ლიბერალურ იდეოლოგიას მძიმე შედეგები მოაქვს ამერიკული საზოგადოებისთვისაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი გავრცელება არა ამერიკელი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, არამედ კონკრეტული ოჯახების მიზნებს ემსახურება.
როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ლიბერალური იდეოლოგიისა და აგენტოკრატიის საფრთხეებთან დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანად უნდა ვაქციოთ. საქართველო, რომელმაც ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა სამი ათასწლეულის მანძილზე შეინარჩუნა, არ შეიძლება შეეწიროს რამდენიმე ოჯახის მიერ მოფიქრებულ გლობალურ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სქემებს, რომლებშიც ჩვენს ქვეყანას მხოლოდ „ომის ღმერთების“ შესაწირის მოკრძალებული როლი აქვს მიკუთვნებული. საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისი მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
საკითხის განსაკუთრებული აქტუალობიდან გამომდინარე, ამ თემის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მეტ ინფორმაციას გავუზიარებ“
კომენტარები