ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, 24 თებერვალს დააანონსებული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გედევან ფოფხაძე.
– ბატონო გედი, ევროინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია გამართეთ და 24 თებერვალს, დიდი და ხალხმრავალი აქცია დაანონსეთ. შარშან, ივნისში ორი დიდი აქცია გაიმართა და ორივე უშედეგოდ დასრულდა. მაშინ, უპეცენდენტოდ ბევრი ხალხი გამოვიდა გარეთ და ამის მიზეზად ის სახელდებოდა, რომ პოლიტიკოსები არ იყვნენ აქციების სათავეში, ხალხი თავისით გამოვიდა. მერე, უშედეგოდ რომ დასრულდა ორივე აქცია, ამის მიზეზად სწორედ ის დასახელდა, რომ პოლიტიკოსები არ მართავდნენ ხალხს და დამოუკიდებლად ვერ განავითარა ხალხმა საპროტესტო პროცესი და პირიქით, ცუდი იყო, რომ ხალხმა პოლიტიკოსები ახლოს არ გაიკარა. 24 თებერვალს როგორ იქნება საქმე?
– მე მიმაჩნია, რომ 24 თებერვლს პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ ინიციატივა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ხალხთან შეთანხმებით მართონ პროცესები, რაც იქ განვითარდება. ამ აქციას კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყვეს და მხოლოდ პროტესტის დაფიქსირებით არ უნდა შემოიფარგლოს. ამ პროტესტს უნდა მოჰყვეს პოლიტიკური შედეგი და ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. შარშან, 20 ივნისს მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპა, მომხრეა ევროპული არჩევანის. მაშინ, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური ოპოზიციის დიდ ნაწილს ეთქვა ხელისუფლებისთვის, რომ ხალხის არჩევანი ეს არის, ამდენი ხალხი გამოვიდა, ახლა კეთილი ინებეთ და ევროკომისიის მოთხოვნები შეასრულეთ, ადგნენ და პარლამენტში შევიდნენ, ამის გამკეთებელი არავინ აღმოჩნდა. 20 ივნისის მიტინგს არ ჰქონდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც, ალბათ, ხარვეზი იყო იმ მიტინგისა.
– ვინც ივნისის აქციების სათავეში იყო, პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდათ და ეს იყო მიზეზი, რომ ამდენი ხალხი ბოლოს სახლში გაუშეს და ხელისუფლება ვერ აიძულეს, მათი მოთხოვნებიდან მცირედი მაინც შეესრულებინა? ეს გამოუცდელობა იყო ხალხის მუხტის ხელიდან გაშვების მიზეზი?
– პოლიტიკური შემადგენელი არ იყო 20 ივნისის მიტინგზე. ეს მიტინგი ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იყო. დაფიქსირდა, რომ ამდენი ხალხი ევროპულ პოზიციაზეა. აქ ის მომენტიც იყო, რომ ხალხის გამოსვლის ერთ–ერთი მოტივაცია ის იყო, რომ ხალხი ხელისუფლების პრორუსულობამ აიძულა დემონსტრაციულად დაეფიქსირებინა უკრაინისთვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის, რომ ჩვენ ხელისუფლების პოზიციას არ ვიზიარებთო.
– როგორ აპირებთ, ხელისუფლება აიძულოთ, რომ თქვენი მოთხოვნები შეასრულოთ? რა კონკრეტული მექანიზმები გექნებათ საამისოდ?
– კონკრეულ მექანიზმებზე ჯერ ადრეა ლაპარაკი… კონსტიტუციისა და კანონიერების ფარგლებში, ყველა შესაძლო საშულებას გამოვიყენებთ.
– მათ შორის, ეს შეიძლება იყოს სახელმწოფო დაწესებულებების პიკეტირება და სხვა რადიკალური მეთოდები?
– რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელისუფლებამ იგრძნოს, რომ ქვეყანაში სხვა განწყობებიც არის. ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის, ვიღაც ხვდება იმას, რომ პროცესი მთავრდება, რუსეთი მარცხდება და საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს დამარცხებული ბოროტების მხარეს. ჯერ ბოროტების მხარეს რატომ უნდა აღმოჩნდე და მერე დამარცხებული ბოროტების მხარეს დგომა, საერთოდ, ყველა ლოგიკას მოკლებულია.
– შესაძლოა, ბიძინა ივნიშვილმა და „ქართლმა ოცნებამ“ საკუთარი მომხრეები, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი, სატელიტური პრორუსული პარტიები შეკრიბონ და 24 თებერვალს მოიყვანონ ეს ხალხი იმის საჩვენებლად, რომ ისინი თქვენზე ნაკლებნი არ არიან. ამგვარი კონტრ–აქცია თუ მოაწყეს, ორი მხარის ურთიერთდაპირიპირებამდე არ მოვიდეს საქმე, რასაც გაუთვალისწინებელი, მათ შორის, ფატალური შედეგები შეიძლება მოჰყვე?!.
– მე არ მჯერა, რომ საქართველოში ევროპულ არჩევანს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგდენის შანსს და უკრაინის მხარდაჭერას ალტერნატივა ჰქონდეს. მეეჭვება, რომ კონტრაქციის შესაძლებლობა ჰქონდეს ხელისუფლებას. ვინ შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიიღოს? ძალიან ადვილად გაიშიფრება, სუს–იც ვერ შესძლებს თავისი აგენტურის მობილიზებას ამ კუთხით. ასეთი რაღაცები ყოველთვის ხდებოდა, ეროვნული მოძრობის დროს და შემდგომაც, მაგრამ ეს არის წაგებული ადამიანის პოზიცია და ქმედება. მე არა მგონია, რომ ამგვარ აქტიურობას ხელისუფლების სასრგებლო რაიმე შედეგი მოჰყვეს, თუმცა, მცდელობა შეიძლება ჰქონდეთ. ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელმაც ევროპული გზა აირჩია ქვეყნის განვითარებისთვის, გაცილებით მოტივირებულია, ისტორიის სწორ პოზიციაზე დგას და ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია.
– 24 თებერვლის აქციის ორგანიზატორები გაგაკრიტიკეს პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, რადგან თქვენმა რამდენიმე თანამოაზრემ აქციაზე განაცხადა, რომ ახალი ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრობის დასაწყისი იქნება ეს აქციაო. მართლა რამდენი ეროვნული მოძრობა შეიძლება იყოს, ეროვნული მოძრობა უკვე იყო და მაშინ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვაო.
– ტერმინებზე შეიძლება ვიღაცამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, მაგრამ ეს იქნება გამაერთიანებელი და ეროვნული ძალების მაკონსოლიდირებელი პროცესი. დიდი ეროვნული გაერთიანება უნდა მოხდეს ამ პროცესის შედეგად. გვერდზე უნდა გადაიწიოს, ყველა პარტიულმა და პირადმა წინააღმდეგობამ. პოლიტიკური განსხვავებები დროებით უნდა დავივიწყოთ, რადგან ეს ერთობას სჭირდება.
–24 თებერვლამდე ერთი თვეა დარჩენილი. გექნებათ ცალკეულ პოლიტიკოსებს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მოლაპარაკებები, რათა დაგეგმოთ, რა და როგორ გააკეთოთ?
– მოლაპარაკებები გვექნება, დიდი მუშაობა მოგვიწევს. საზოგადოებაშიც უნდა ვიმუშაოთ, მოსახლეობის ნაწილი უნდა დავარწმუნოთ, ამ აქციის მნიშვნელობაში. არის საზოგადოების აქტიური ნაწილი, პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ინფორმირებულია აქციის შეასხებ, მაგრამ მათი დადასტურებული პასუხი არ ვიცით, მიიღებენ თუ არა აქციაში მონაწილეობას. მათთანაც სამუშო გვაქვს. მე მიმაჩნია, ამ აქციასთან დაკავშირებით, წითელი ხაზები შეიძლება იყოს, მკვეთრად გამოხატული პრორუსული ძალები, დანარჩენებთან ყველასთან შეიძლება დალაპარაკება, რომ ეს დიდი ეროვნული ერთობა, ეროვნული შეთანხმება შედგეს. ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველოში არის სხვა ძალაც, გარდა დე ფაქტო ხელისუფლებისა, რომელსაც აქვს სწორი მორალური პოზიცია და არის რეალური პოლიტიკური მიზიდულობა. ეს არის ღია ფორმატი და ვისაც ქვეყნის ევროპული განვითარება უნდა, ვისაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა, ყველა უნდა შემოუერთდეს ამ აქციას, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ.
– დავუშვათ, გამოვიდა თქვენთვის სასურველი ხალხის რაოდენობა, პროცესმა მიიღო რადიკალური სახე და მშვიდობიანი რევოლუციისკენ წავიდა საქმე. წახვალთ ამაზე,რომ ამ გზით შეიცვალოს ხელისუფლება?
–მე მგონია, რომ ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია. თუ მსგავსი რაღაცა სცენარი შეიძლება დადგეს, ეს იქნება დამოკიდებული დე ფაქტო ხელისუფლებაზე. ჩენი ამოცანა აბსოლუტურად პოზიტიურია–ეროვნული კონსოლიდაცია, სწორი გზავნილები და პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვა. ეს არის ჩვენი ამოცანა. აბა, პოლიტიკოსები რატომ ერთვებიან ამ პროცესში? თუ ვიღაცა გადაწყვეტს პროვოკაციებს, ძალის დაპირისპირებას და სხვა, არალეგიტიმურ საშუალებებს დაგვიპირისპირებენ, მე პერსონალურად ჩემს თავზე შემიძლია გითხრათ, რომ უკან არ დავიხევ, რადგან მე სხვა სამშობლო არ მაქვს. სახლში ვიჯდე და ტელევიზორში ვუყურო, ესენი როგორ უკარგავენ საქართველოს ხვალინდელი გზის შანსს, ამას ვერ გავაკეთებ. ხელისუფლებაც უნდა მიხვდეს, რომ აქეთ არის ძალა, რომელიც უკან ვერ დაიხევს. ჩვენ ყველა, თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ვინც ვართ, ჩვენი ცნობიერება 1989 წლის 9 აპრილმა განსაზღვრა. ქართულ საზოგადოებას ტანკებით ვერ შეაშინებ. ვერანაირი ძალადობითა და მუქარით ვერ შეგვაშინებენ. ჩვენ გვინდა პოლიტიკური შედეგი,რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. ამ შედეგისთვის უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება წავიდეს რეალურ დათმობებზე და ამის რესურსი ჩვენ გვაქვს. რევოლუციური სცენარი, რაზეც თქვენ საუბრობთ, მაინც უნდა გამოირიცხოს, თუმცა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
– თუმცა, თუ რევოლუციური პროცესები დაიწყო, უკან არ დაიხევთ?
– უკან ვერ დავიხეთ…
– ანუ, წახვალთ რევოლუციაზე, ასე გამოდის?!
– ჩვენ გვინდა ყველაფერი მოვაქციოთ პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესში და თუ ძალაზე ვინმე იქნება, ხელისუფლება იქნება ძალაზე, ჩვენ არ ვიქნებით ძალაზე. ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ. უკან როგორ დავიხევთ, როდესაც ამ შემთხვევაში, უკან დახევა ღალატის ტოლფასია.
კომენტარები