აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს, როდესაც 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლის მიზეზებზე საუბრობს:
„ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ 2016 წელს „ნაცმოძრაობა“ დატოვა იმის გამო, თურმე ბოკერია და ჩერგოლეიშვილი მიშას „ახევდნენ“ პარტიას. სამარცხვინოდ მიგვაჩნია ის ხაზი, რა ხაზის ირგვლივაც დღეს „ნაციონალურ მოძრობაში“ ურთიერთდაპირისპირება მიმდინარეობს. ეს არის დაპირისპირება არა იდეების, ღირებულებების, ქვეყნის ინტერესების ირგვლივ, არამედ სწორედ ამ ხაზის, რაც ხაბეიშვილმა რატომღაც სცადა, გადმოეტანა ევროპულ საქართველოსთან ურთიერთობაშიც, რომ რომელიღაც ჯგუფი თურმე მიშას კვლავ უპირებს პარტიის „ახევას“ და პოლიტიკაში ბრძოლა მიდის არა ღირებულებებისთვის, არამედ რომელიღაც ლიდერის, ბელადის ინტერესების დასაცავად. ეს მიგვაჩნდა სამარცხვინოდ, მიგვაჩნია სამარცხვინოდ და დღესაც ვთვლით, რომ „ნაცმოძრაობაში“ ამ ხაზით მიმდინარე პროცესი არის სამარცხვინო.
ტყუილია, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი გასვლის მიზეზი. გასვლის მიზეზებზე საუბრობს გიორგი ვაშაძე, რომელსაც გაჰყვა ლევან ხაბეიშვილი და საუბრობს ხაბეიშვილიც. ამისი არქივი არსებობს. არსად, არცერთი სიტყვით ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება ნახსენები არ არის. მეტიც, თუ ეს დაპირისპირება არსებობდა, მაშინ მიშას ერთგულებაზე თავის დამდებ კაცს, რომელიც დღეს ამით აპელირებს და ამით აპირებს „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე გამარჯვებას, პარტია კი არ უნდა დაეტოვებინა, პირიქით, პარტიაში უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა მიშას მხარდასაჭერად.
დაბოლოს, ნახევრად ირონიით, კაცი, რომელიც გაექცა ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას „ნაციონალურ მოძრაობაში“, რამდენად გამოდგება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერად. ეს მიმინდვია საზოგადოებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ხვალ უნდა გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში. ლევან ხაბეიშვილი ერთ ჩვეულებრივ მატყუარად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
კომენტარები