“ლელოს” წევრის ლევან სამუშიას განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია, ერთ-ერთი სამიზნე კი “ტვ პირველია”.
ლევან სამუშია:
“ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი არგუმენტაცია საერთოდ არავის აინტერესებს, მითუმეტეს ისეთ პოლიტიკურ საქმეში, როგორიც ეს არის. აქ არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, თაიგული ობიექტების პოლიტიკური დევნის. დევნას რაც შეეხება, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ეს არის ანაკლიის პროექტი, რომელიც ჩავარდა რუსეთის დავალებით. ჩვენი პარტიის ლიდერების პარლამენტში უფლებამოსილების შეჩერება და ა.შ. და მეორე მხრივ, თაიგულზე როდესაც ვლაპარაკობ დევნის, სამიზნე ტვ პირველია, დევნაა ტელევიზიის, კრიტიკული აზრის მიმართ. არ ვიცი რა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე ამას სამართლებრივ დავად თავიდანვე არ ვაფასებდი. პრეცედენტს ვერ მოიყვანს ვერავინ საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც მოწმეს კითხავენ და პროკურატურა გამოდის და საჯარო ბრიფინგს ატარებს მოწმე დავკითხეთო. ეს პირდაპირ არის მანიშნებელი იმისა, რომ დევნა არის სისხლისსამართლებრივი პოლიტიკური ნიშნით და ამას სამართლთან შეხება არ გააჩნია. საქართველოში ათასობით მოწმე იკითხება, მაგრამ ასე? ამით მესიჯი გაუგზავნეს რუსეთს და დაარტყეს ანაკლიის პორტს”.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას “ლელოს” ლიდერები პარტიის ცენტრალურ ოფისში დაელოდებიან.
ზუსტად სამ საათზე მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
უკვე წლებია, ,,ლელოს” ლიდერებსა და ,,ტვ პირველის” დამფუძნებელს ფულის გათეთრებას ედავებიან.
კომენტარები