ანალიკოსი, დავით ზურაბიშვილი:
“რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.
ფრენებს შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთმა სულ რაღაც სამნახევარი წლის წინ მიიღო, კერძოდ 2019 წლის ზაფხულში. რატომ გაგვიბრაზდა მაშინ პუტინი არ მახსოვს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რუსებმა თავის დროზე მიიღეს როგორც ერთგვარი სადამსჯელო სანქცია საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, დიდი არაფერი ზიანი საქართველოს ეკონომიკისთვის ამ სანქციას არ მიუყენებია.
ახლა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოგვიცხადა, რომ რამდენადაც უკრაინასთან ომის პერიოდში საქართველოს ხელისუფლება კარგად იქცევა და დასავლეთის ზეწოლას უძლებს, შეიძლება ვიფიქროთ ფრენების აღდგენაზეო.
აი, ჯერ ხომ ეს შეფასება რაოდენ სამარცხვინოა ქვეყნისთვის და ათმაგად სამარცხვინოა ის აღფრთოვანებამდე მისული რეაქცია, რაც ამ მოწყალებასავით გადმოგდებულ ხურდას მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
მართლა და გულწრფელად არ მესმის: რანაირად შეიძლება იყო ისეთი არარაობა, რომ შენი ქვეყნის მთავარი მტრის მიერ შექება და ავიამიმოსვლის აღდგენის (ანუ თავისი არსით, მეასეხარისხოვანი საკითხის) დაპირება არათუ დაუფარავად გაგიხარდეს, არამედ მთელი კამპანია წამოიწყო ტროლ-ბოტების, გაიაშვილის მსგავსი ოდიოზური ტიპების და ორკაპეიკიანი ექსპერტების ჩართულობით, არიქა დღეს თუ ფრენებს დაგვიბრუნებენ, აშენდება საქართველო და ხვალ აფხაზეთს და სამაჩაბლოსაც მოაყოლებენო. მსგავსი უთავმოყვარეო იდიოტიზმი ქართულ პოლიტიკაშიც იშვიათად თუ მინახავს და მგონი არც იქ მინახავს არასდროს.
Updated: აქ შემახსენეს, რომ გავრილოვის გაბუნძულების გამო შეუწყვეტიათ ფრენები, თუმცა ეს, როგორც იტყვიან, საქმის ანუ სტატუსის არსს არ ცვლის.”
კომენტარები