თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, გამოფენის „ლადო ალექსი-
მესხიშვილი – არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ფარგლებში, საბავშვო
მასტერკლასები გაიმართა.
მასტერკლასზე ბავშვებმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ, თავად ააწყვეს
არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობების სამგანზომილებიან მაკეტები.
მასტერკლასებს ხელმძღვანელობდნენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის
სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც გამოფენაზე
წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე იმუშავეს.
ლადო ალექსი-მესხიშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული
არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით კი
თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. თიბისი კონცეპტში წარმოდგენილ
გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს
ლადო ალექსი-მესხიშვილი ნამუშევრების ფართო საარქივო კოლექციას და კიდევ
ერთხელ გაიაზროს არქიტექტურაში სოციალური რეალიზმის ერთ-ერთი მთავარი
ფუძემდებლის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ჩანახატების, ნახაზების, ფოტოებს, საარქივო
მასალისა და მაკეტების პარალელურად, დამთვალიერებელი რეჟისორ ლანა
ღოღობერიძის ფილმს იხილავს. რომელიც, როგორც თავად რეჟისორი ამბობს,
ლადო ალექსი-მესხიშვილს კიდევ უფრო ახლოდან და განსხვავებული
რაკურსით გვაცნობს.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სულ მალე გამოფენა „ „ლადო ალექსი-მესხიშვილი – არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ქუთაისში გადაინაცვლებს. დამთვალიერებელს მისი ნახვა ი. გრიშაშვილის #26 მდებარე, თიბისის ფილიალის საგამოფენო სივრცეში შეეძლება.
გამოფენის მხარდამჭერი, ისევე როგორც, ჩვენი უახლესი ისტორიის
კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების პოპულარიზაციის
და ხელახლა გააზრების ინიციატორი, თიბისია.
კომენტარები