ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.
– ბატონო კახა, როგორც იქნა, დამთავრდა „ნაცმოძრაობის“ არჩვნები და ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს თავმჯდომარედ. ქართულ პოლიტიკაში რა შეიცვლება ამით?
– თუ აქამდე არაფორმალურად „ქართულ ოცნებას“ მართავდა ბიძინა ივანიშვილი, ახლა მერაბიშვილი და კეზერაშვილი არაფორმალურად მართვენ მთავარ ოპოზიციურ ძალას ,,ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც სამწუხაროდ, დღეს მთლიანი ოპოზიციის დღის წესრიგს განსაზღვრავს. ასე რომ, ხელისუფლება და ოპოზიცია ბარი-ბარში არიან. ორივე არაფორმალურად იმართება, რაც პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ამასწინათ ,,ფეისბუქზე“ დავწერე: ,,ქართულ ოცნებას“ მივულოცე ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში. ბიძინამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ ექცია თავის სპარინგ–პარტნიორად და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა რუსეთისკენ. ეს არის რუსული მოდელი. რუსეთში პუტინი აკონტროლებს მთელ ოპოზიციას. ვინც მას არ მოსწონს, ის ოპოზიციონერები ან მოკლეს, ან ციხეში არიან, ზოგიერთი ქვეყნიდან გაქცეულია, რაც იწვევს მთელი ოპოზიციური სპექტრის მარგინალიზირებას. სწორედ ასეთი პროცესები მიდის ახლა საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს მისგან მართული მთავარი ოპოზიციური ძალის გამოყენებით, ქვეყანა ისევ დატოვოს რუსულ ორბიტაზე და საბოლოოდ მოუსპოს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირების შანსი. ფაქტი ჯიუტია, ბიძინა ივანიშვილმა სისასტიკითა და უსამართლობით ცნობილი მიშას ძალოვნები მერაბიშვილისა და კეზერაშვილის სახით ქართულ პოლიტიკაში დააბრუნა.
– ბევრი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე და სხვ დროსაც, როდესაც დასჭირდება, გამოიყენებს ამ ორ ფიგურას. ივანიშვილი ადრე რომ ამბობდა, ხმას ჩვენ თუ არ მოგვცემთ, მიშა მოვა ხელისუფლებაშიო, ახლა იტყვის, მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოვლენო და მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. „ქართულ ოცნებას“ ახლა ორი ახალი ბუა ჰყავს ამ ორი ყოფილი მონსტრი მინისტრის სახით, არა?
– რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ რუსული მოდელი – მართო ოპოზიცია და საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენო არჩევნებში და სხვა ნებისმიერ დროსაც. სააკაშვილი ახლა მძიმე მდგომარეობაშია. ფაქტიურად, კაცი განახევრებულია. ციხეში მყოფი და თან მისი ჯანმრთელობის პატრონი, ბუად არ გამოდგება. ჰოდა, ახალი ბუა სჭირდებოდათ და ერთის ნაცვლად ახლა ორი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს. ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ორპოლუსიანობა, დაპირისპირება დარჩეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგად არ დასრულდეს „ქოც–ნაცური“ პინგ–პონგი და ამით
შეფერხდეს ჩვენი ევროპისკენ სვლა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ჩვენი ევროპული მომავალი… ამ დაპირისპირების ფონზე ყველა სხვა საკითხი უკანა პლანზე გადადის, ხელისუფლება თავისი სპარინგ–პარტნიორის გამოყენებით, მიზნად ისახავს საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაძლიერებას, მისი სურვილია, ხალხმა ხელი ჩაიქნიოს, ქვეყანა დატოვონ ახალგაზრდებმა და არა მარტო… ხალხი სარჩო–საბადებლის საშოვრად გადაიხვეწოს უცხოეთში. რაც მეტი წავა, მით უკეთესი მისთვის. ერთი სიტყვით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება ხელისუფლების პოლიტიკურ შანტაჟს დაექვემდებაროს და მთელი ქვეყანა გახდეს ქოც-ნაცური დაპირისპირების ასპარეზი. სწორედ ეს არის პუტინის სურვილი, საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელოვნური დაპირისპირება იქცეს მთავარ დაბრკოლებად ქვეყნის ევროკავშირში და ნატოს გაწევრიანების გზაზე. რეალურად თუ შევხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ სურათს, შეგვიძლია დავსვათ კითხვა, „ნაცმოძრაობის“ გამოკლებით ოპოზიციაში არსებული პოლიტიკური ძალები ხმების რამდენ პროცენტს აიღებენ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში?
– მაქსიმუმ 15 პროცენტს.
– მეც ასე ვფიქრობ, 10–დან 15 პროცენტამდე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში მესამე ძალის წარმოქმნის პერსპექტივა მომსპარია, რაც კატასტროფის ტოლფასია.
– ზუსტად მესამე ძალაზე უნდა გკითხოთ. თქვენ არაერთხელ გითქვამთ ჩემთვის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. ეს გასაგებია, მაგრამ როდემდე უნდა ვუყუროთ ამათ, როდემდე უნდა იკვებოს ხალხი „ქოცებისა“ და „ნაცების“ დადგმული სპექტაკლებითა და ვითომ ურთიერთდაპირისპირებით? არ არის დრო, შეიკრიბოთ პატრიოტი ადამიანები, ვისაც ამ ქვეყნისთვის გიბრძოლიათ და ამის გამო, თავი საფრთხეში არაერთხელ ჩაგიდიათ, შექმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა, ხალხის ნდობა მოიპოვოთ და მერე გარდაქმნათ პოლიტიკურ პარტიად? შემდეგ კი მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და შესცვლით არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. მესამე ძალაც ეგ იქნება.
– ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ამას გარკვეული რესურსები და საზოგადოების მობილიზაცია სჭირდება. მე არ მაქვს იმედი დღევანდელი ოპოზიციის. პოლიტიკური პარტიები რომც გაერთიანდნენ, ვერ შექმნიან ბიძინა ივანიშვილის დასაპირისპირებლად სერიოზულ პოლიტიკურ მოძრაობას. რადგან ხალხი არ ენდობა მათ. აქ საჭიროა საზოგადოებრივი აქტიურობა, უნდა გაერთიანდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურები არიან და რელევანტურად აფასებენ პოლიტიკურ ვითარებას. თუმცა, კიდევ ვიმეორებ – ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, დიდი მობილიზაცია და ფინანსური რესურსები. თავზე ნაცარს ნუ დავიყრით და სიმართლე ვთქვათ – სამწუხაროდ, საზოგადოების დღევანდელი სოციალური მდგომარეობა, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. ბიძინა ივანიშვილს სწორედ მძლავრი პოლიტიკური ძალის შექმნის ეშინია, რადგან თუ ასეთმა მოძრაობამ ხალხის ნდობაც მოიპოვა, იმავე ხალხის ინტერესების შესატყვისად, პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, რომელიც დაასრულებს ამ მარაზმს, „ნაც–ქოცურ“, ანტიხალხურ და ანტისახელმწიფოებრივ მმართველობას საქართველოში. კი, ბატონო, გეთანხმებით, სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.
– რესურსები ახსენეთ და ძლიერი, ანგარიშგასაწევი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნას ფინანსები სჭირდება. საქართველოში რომელი ბიზნესმენი გაბედავს იმ ორგანიზაციის დაფინანსებას,რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუპირიპირდება?
– დღეს მე ვერ ვხედავ საქართველოში სერიოზულ ბიზნესმენს , ან ბიზნესმენთა ჯგუფს, რომელიც გაბედავს ბიძინა ივანიშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ ძლიერი პოლიტიკური ძალის დაფინანსებას. (ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემის ამ ამპლუაში მოაზრება ცოტა გამიჭირდება). ამიტომ რთულია ახლა ამაზე საუბარი და რეალობას მოკლებულია. თუმცა საზოგადოების მობილიზაციისა და აქტიურობის შემთხვევაში ყველაფერია შესაძლებელი…
კომენტარები