მეგაშოუ “ვოისის” გამარჯვებული 22.8%-ით 21 წლის ირუ ხეჩანოვი გახდა. 2023 წლის “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსზე საქართველოს ის წარადგენს. გამარჯვებული მაყურებელთა ხმების რაოდენობით გამოვლინდა.
ხეჩანოვის მენტორი დათო ფორჩხიძე გახლდათ. მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი კონკურსანტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ვოისში“ გამარჯვებით მოიპოვა.
ირუ ხეჩანოვი წლების წინ, საბავშვო ჯგუფ „ქენდის“ წევრი გახლდათ.
“ვოისში“ გამარჯვების შემდეგ, კონკურსანტი სოციალურ ქსელში წერს:
“ყველაფერს ვიზამ, რომ გასახელოთ “ევროვიზიაზე”… მთავარი ბრძოლა წინ არის და თქვენი გვერდში დგომა ისევ ძალიან მჭირდება… მადლობა კიდევ ერთხელ”.
უამრავი მილოცვის მიუხედავად, გოგონას გამარჯვებას ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა.
მუსიკოსი მაია დარსმელიძე, “ვოისის” ფინალს გამოეხმაურა. მისი მეუღლე, სტეფანე მღებრიშვილი პროექტში ერთ-ერთი მენტორი იყო.
“ხოო, აქა-იქიდან ჩიტებს მოაქვს ამბავი რაღაც გამზადებულ სიმღერაზე და ერთი წლით ადრე ჩაფიქრებულ “პროექტზე”. და აი ეს ერთმანეთზე უკეთესი მართლა საოცარი შემსრულებლები ამ ვიღაცის პროექტის ანტურაჟად მოიყვანეთ?!!! და ვიღაცის ხუშტურის დეკორად აქციეთ?! (რომ არ დაიბნეთ, ამ კონკრეტულ პოსტში პროექტ “ვოისს” არა, ვოისში “პროდიუსერის” მიტანილ “პროექტს” ვგულისხმობ, აიიი, ევროვიზიაზე, რაც უნდა გაიტანონ – იმას) ხო, ვინმემ ოდესმე ხომ უნდა თქვას, სანამ კოლექტიურ-კოლეგიალური დაყლევება გჭირთ და სიმართლის თქმა გიტყდებათ…
(აქაც რომ არ დაიბნეთ, ვიტყვი, რომ ჩემ კომფორტულად გასუსულ კოლეგებს ვგულისხმობ და არა კონკურსანტებს). ყველა სიკეთესთან ერთად გოიმ პროდიუსერზე საზარელი არაფერია. ეგ კრიმინალია ჩემთვის. მოაშორეთ მთელი ეს გოიმფართი და იქნებ გვეშველოს ოდესმე”.
უარყოფითად შეაფასა პროექტი, თამარ ივერმაც:
“მოსყიდვა-გაყალბებებს რომ თავი დავანებოთ, უპირველესად იმიტომ არიან სამარცხვინონი რომ ადამიანურად შეურაცყვეს ბავშვები, რადგან მხოლოდ ერთ მომღერალს დაუდგეს სიმღერაში შოუ შესაბამისი რეჟისურით,ჩაცმულობით, განათებებით საცეკვაო ანსამბლით, რეკვიზიტით და ერთი სიტყვით, თეატრალიზებული წარმოდგენით. ანუ გამოდის რომ მხოლოდ იმ ერთზე იზრუნეთ, ვისი გაყვანაც წინასწარ გქონდათ დაგეგმილი
ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
– დავივიწყეთ ხელოვნული ინტელექტი. “ვოისის“ კონკურსზე გაიმარჯვა და საქართველოს ევროვიზიაზე ირუ ხეჩანოვი წარადგენს. გესმით ხეჩანოვი, საქართველოს! აბა წავიდა, დასცხეთ…”.
კონკურსამდე რამდენიმე საათით ადრე კი ხეჩანოვი სკანდალში გაეხვა, რის გამოც, მოგვიანებით განმარტების გაკეთება მოუწია. ვიდეოში, რომელიც ფინალის წინ გავრცელდა, ხეჩანოვმა გოგონა, რომელიც მასთან ერთად იდგა რინგზე, არც ისე სასიამოვნოც მოიხსენია, თუმცა მოგვიანებით მომხდარი ახსნა…
ვიდეოში ხეჩანოვი ამბობს:
– 2016 წლიდან კონკურსის გამოცდილება არ მქონია. მაქსიმალისტი ვარ და “ვოისში” მოსვლისას, მინდოდა ოთხივე მენტორი შემომეტრიალებინა, მაგრამ მხოლოდ სამი შემოტრიალდა. ვფიქრობ, რომ დათო ფორჩხიძესა და მე ერთნაირად გვაქვს მიზნები დასახული. მე ამ პროექტში მოვედი მოსაგებად.
ვფიქრობ, რომ ანი საკმაოდ მარტივი კონკურენტი იყო რინგის დროს. რაც შეეხება დათოს არჩევანს, როგორც თვითონ იძახდა, გაუჭირდა, არ უნდა გაჭირვებოდა არჩევანის გაკეთება.
საკმაოდ გამომწვევი ადამიანი ვარ, არ ვარ მორიდებული, თავისუფალი ვარ და მგონია, ისეთს აღქმიქვამენ, როგორიც ვარ. “ვოისში” მოვედი როგორც სახელი ირუ, როგორც თავისუფალი პერფორმერი.
სულ მეუბნებიან მონაწილეები, წელს დაგვითმე, შენ ხომ უკვე ერთხელ მოიგე “ევროვიზია“. მე „ევროვიზიაზე“ წინ ვარ სხვა კონკურსანტებთან შედარებით. დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული და მახარებს ეს მომენტი. კი მინდა, რომ გამოსცადონ სხვა მომღერლებმა, რა არის “ევროვიზია”, მაგრამ წელს არა.
ვიდეოზე უარყოფითი შეფასებების შემდეგ, ხეჩანოვს ვრცელი განმარტების გაკეთება მოუწია.
– მაყურებლის აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ, ამიტომ გულწრფელად მინდა ავხსნა ჩემი ნააზრევი. მესმის, ხანგრძლივობიდან გამომდინარე ყველაფერი, რაც ვისაუბრე ვერ ჩაჯდებოდა ინტერვიუში, ამიტომ, მინდა ვრცლად დავწერო თუ რა იგულისხმებოდა ჩემს ნათქვამში.
მე და ანი ძალიან დავმეგობრდით კონკურსის პერიოდში და რინგის რთული ეტაპი, სწორედ ანის კარგმა ხასიათმა, კომფორტულობამ და დამოკიდებულებამ გამიმარტივა. ის დაძაბულობა, რაც მსგავს კონკურსებს ახლავს, ჩვენს შორის საერთოდ არ არსებობდა და მოუთმენლად ველი ანის გამოჯანმრთელებას, რომ ერთად უამრავი კარგი მოგონება დავაგროვოთ.
რაც შეეხება ჩემს კომენტარს დათოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვისაუბრე იმაზე თუ რატომ გაუადვილდა ჩემი აზრით, დათოს გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, იმიტომ გადამიყვანა შემდეგ ტურში, რომ გაითვალისწინა ჩემი გამოცდილება კონკურსებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს მომენტები სიუჟეტში არ მოხვდა და ასე დამოუკიდებლად ნამდვილად ცუდად გამოჩნდა, რისთვისაც ბოდიში, პირველ რიგში, ანის.
არცერთი პროცენტითაც არ ვთვლი, რომ ანი ჩემზე სუსტი მონაწილე იყო. დამერწმუნეთ, ნებისმიერი კონკურსი ძალიან სტრესულია ჩვენთვის, კონკურსანტებისთვის. თხოვნა მაქვს ყველასთან, განსაკუთრებით ჩემს გულშემატკივრებთან: ისიამოვნეთ კარგი პერფორმანსებით, კარგი შოუებით, რომელსაც ყველა მონაწილე დებს თქვენთვის, მაყურებლისთვის. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მთელი გულით მინდა ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატებით გამოსვლა ჩვენ ყველას ერთი რამ გვაკავშირებს, ეს არის მუსიკა…
ირუ ხეჩანოვი, თბილისში ცხოვრობს, ჰყავს მშობლები და და-ძმა…
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ევროვიზია, უკრაინაში უნდა გამართულიყო, რადგან გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული სწორედ უკრაინული ჯგუფი გახდა. საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროფესტივალის ორგანიზატორი გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC იქნება. ამის მიუხედავად, პროცესში აქტიურად ჩაერთვება უკრაინული მხარეც, რათა ღონისძიებაზე ქვეყნის მახასიათებელი ელემენტებიც იყოს წარმოდგენილი. უკრაინა, როგორც 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული, დიდ ხუთეულთან ერთად ფინალში, ნახევარფინალური ტურის გარეშე მოხვდება.
საქართველო „ევროვიზიაზე“ თოთხმეტჯერ მონაწილეობდა და უკვე ექვსი წელია, რაც ქვეყანა კონკურსის ფინალს მიღმა რჩება. საქართველოს საუკეთესო შედეგად კვლავ მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.
წყარო – ამბები
კომენტარები