საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“აშშ-ს მონტანას შტატში ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი შეფრინდა, რომლის მასშტაბებიც ძალიან დიდია – “სამი ავტობუსის ხელა”. სადაზვერვო აპარატი კომერციულ თვითმფრინავებზე მაღალ სიმაღლეზეა ასული და იქიდან ახორციელებს დაკვირვებას. როგორც გადამდგარი პოლკოვნიკი სედრიკ ლეიგტონი აცხადებს, სავარაუდოა, რომ სადაზვერვო აპარატი სტრატეგიული ბომბდამშენებისა და ბირთვული შეიარაღების არსენალს ზვერავდეს. ამასთან, მიმოხილულია შესაძლებლობა, რომ აღნიშნული მონაცემები არამხოლოდ ჩინეთისათვის, არამედ რუსეთისთვისაცაა განკუთვნილი, რადგან, როგორც პოლკოვნიკი განმარტავს, რუსეთსა და ჩინეთს შორის სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლა ძალიან გააქტიურებულია.
პენტაგონი ზუსტად ადევნებს თვალს სადაზვერვო აპარატს, თუმცა მის ჩამოგდებას არ ჩქარობს, რადგან აპარატის აფეთქების პირობებში ნამსხვრევებმა შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცოს. მაგრამ ამ ოფიციალური ვერსიის მიღმა, სავარაუდოა, რომ აშშ სადაზვერვო აპარატის დაუზიანებლად ხელში ჩაგდებასაც ეცდება.
პოლიტიკურად რომ განვმარტოთ: მსგავსი ქმედება – საჰაერო სივრცის დარღვევით დაზვერვის განხორციელება, მაშინ, როდესაც თანამგზავრული ტექნოლოგია არსებობს და ამის გაკეთება არცაა საჭირო – პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს აშშ-ს რეპუტაციისათვის, როგორც სრულად დაცული სახელმწიფოსათვის. ამაზე რაიმე სახით პასუხი სავარაუდოდ იქნება გაცემული, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მიმდინარე პროცესის “მშვიდად გადაჭრისაკენ” მოუწოდებს.”
კომენტარები