ტელეკომპანია „ფორმულას“ გაფიცული ოპერატორები განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო.
ოპერატორების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანაზღაურების გაზრდა პირველად არ მოუთხოვიათ და ტელეკომპანიას მათ მიმართ მანამდეც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა.
„ჩვენი მხრიდან ეს პროცესი დაიწყო ჩვენი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით და მას რაიმე სხვა მიზნები ან ქვეტექსტი არასდროს ჰქონია, როგორც ამის წარმოჩენას ტელეკომპანია ფორმულა ცდილობს. მოთხოვნის გაჟღერებისთანავე ჩვენი მოქმედებები იყო კონსტრუქციული და მოლაპარაკებებზე ორიენტირებული.
ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ დრომდე ვცდილობდით პროცესი დარჩენილიყო ორგანიზაციის შიგნით და არ გამოგვეტანა საჯაროდ, რათა დაგვეტოვებინა კომპანიასთან შეთანხმების სივრცე და კრიტიკული მედიისთვის, რომლის არსებობა ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არ მიგვეყენებინა რეპუტაციული ზიანი. სამწუხაროდ, ტელეკომპანია ღია არ აღმოჩნდა ჩვენი მოთხოვნების განხილვისთვის და მენეჯმენტმა პირველივე კომუნიკაციაში ამ თემაზე შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამის საპირისპიროდ, მენეჯმენტმა სრულად უარყო ჩვენი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა და მალევე, როგორც კი ეს პროცესი საჯარო გახდა, დაიწყო „გარე ძალების“ ჩართულობაზე საუბარი, რაც ჩვენთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია. ჩვენ ამდენი წელი, ნაწილი დაფუძნებისთანავე, ვმუშაობთ ტელეკომპანია ფორმულაში და სწორედ ჩვენს მძიმე შრომაზე და პროფესიულ თავდადებაზე იდგა საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირება.
ჩვენი შეფასებით, სამსახურში არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა ოპერატორის მძიმე პროფესიასთან და სამუშაო რეჟიმთან. საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების მინიმალური ხელფასი მხოლოდ 500 ლარია. საშუალო ხელფასი 2 500 ლარი კი, რაზედაც კომპანია აპელირებს, გაფიცული 25 ოპერატორიდან მხოლოდ 6 აქვს და მასზე აქცენტირება უსამართლოა, ეს ადამიანები ტელევიზიაში მუშაობენ გახსნის დღიდან.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შრომითი ანაზღაურების გაუმჯობესებას ვითხოვთ, თუმცა მთელი ეს დრო ჩვენი მოთხოვნები პრაქტიკულად უპასუხოდ რჩებოდა და ხელფასის ზრდას მინიმალური ხასიათი ჰქონდა.
ჩვენ, ჩვენი პროფესიის პატივისცემისა და ქვეყანაში კრიტიკული მედიის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მზად ვართ წარმოშობილი სიტუაცია კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში დავაბრუნოთ, თუ ეს კომუნიკაცია და დიალოგი ჩვენი ღირსების პატივისცემით წარიმართება და შრომითი და სოციალური საკითხების საქმიან და სამართლიან გარემოში განხილვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საინფორმაციო სამსახურის 25-მდე ოპერატორი გაათავისუფლა.
კომენტარები