„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში. ისინი აპროტესტებენ პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – 6 თებერვალს სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა.
ხელვაჩაურის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ბოლქვაძემ მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს წევრებს მიმართა “აიღონ პასუხისმგებლობა, იმაზე, რომ ქვეყნის მესამე რეზიდენტს კლავენ ციხეში”. მისივე თქმით მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის პატიმრობიდან და ქვეყნის „ქართული ოცნებისგან“ განთავისუფლების მოთხოვნაა.
პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ ხელვაჩაურით იწყებენ საპროტესტო აქციები აჭარაში. ხვალ აქცია დაგეგმილია ქობულეთში.
აქცია დღეს ერთდროულად გაიმართა ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გეგმით, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციები დაიწყება, მათ შორის მანიფესტაციის გამართვა იგეგმება შეკვეთილში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სახლთან.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას”. მისი აზრით, სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ივანიშვილმა ყველას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი”.
კომენტარები