ცოტა ხნის წინ, ბრაზილიაში, მომუშავე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) სიახლოვეს მყოფი ერთი მამაკაცის პისტოლეტმა მოულოდნელად თავისით გაისროლა; კაცი მუცელში დაიჭრა და რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლის ადვოკატი, ვიდრე დედამისს სკანირების ოთახში შეჰყვებოდა, სიტყვიერად და წერილობით გააფრთხილეს, რომ გარეთ დაეტოვებინა ყოველგვარი ლითონის ობიექტი. მიუხედავად ამისა, ოთახში ის მაინც იარაღით შევიდა.
16 იანვარს, ლეანდრუ მათიაშ დი ნოვაიშმა დედამისი სან-პაულუს ერთ-ერთ ლაბორატორიაში მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე წაიყვანა.
„ლაბორატორიის პერსონალის მიერ დაცული იყო ინციდენტთა პრევენციის ყველა პროტოკოლი“, — ამბობს კლინიკის პრესსპიკერი.
ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია. სხეულის სკანირებისთვის, MRI 1,5-3.0 ტესლას ოდენობის მაგნეტიზმს იყენებს, რათა წყლის მოლეკულების პროტონებს დაახლოებით ერთი მიმართულებით მიმართვა აიძულოს.
ელექტრომაგნეტიზმის დაბალენერგიული პულსი ნაწილაკებს არხევს, რომლებსაც, გარემომცველი მასალებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დრო სჭირდებათ საწყის წერტილში დასაბრუნებლად. პროტონების რხევებში არსებული ამ კონტრასტის საფუძველზე მიიღება შინაგანი ორგანოების დეტალური სურათი.
იმისათვის, რათა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას, რამდენად ძლიერია მაგნიტური ველი, გეტყვით, რომ მაცივრის მაგნიტების დიაპაზონი რამდენიმე ათასი ტესლაა. ზოგიერთი იშვიათმიწა მაგნიტის სიმძლავრე შეიძლება დაახლოებით ერთი ტესლას ფარგლებში იყოს.
შესაბამისად, 3-7 ტესლა დიდი არაფერია. მაგრამ საკმარისია დიდი ფერომაგნიტური ნივთებისთვის (რომლებიც შედარებით თანაბრად რეაგირებს ძლიერ მაგნიტურ ველში), რომ კარგი მიზიდვის ქვეშ მოექცნენ.
2001 წელს მომხდარი ერთი საშინელი ინციდენტისას, ბავშვმა თავში სასიკვდილო დაზიანება მიიღო, როდესაც MRI-მ ოთახში ჟანგბადის ლითონის ავზი გადაადგილა.
პატარა ნივთების, მაგალითად, სამკაულების შემთხვევაში, ძლიერმა მაგნიტურმა ველმა შეიძლება წარმოქმნას ელექტროდენი მასალაში, რომელიც პოტენციურად საკმარის სითბოს გაატარებს და გამოიწვევს უსიამოვნო ადგილობრივ დამწვრობას.
ზუსტად რა მოხდა დი ნოვაიშის შემთხვევაში, შეიძლება ვერც ვერასოდეს გავიგოთ. მის ქამარში დამალულმა პისტოლეტმა მაშინ გაისროლა, როდესაც ტომოგრაფიის აპარატი მუშაობდა. მიღებული ჭრილობის შედეგად, მამაკაცი რამდენიმე კვირაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნოვაიში იარაღის ფლობის უფლების დამცველი იყო, სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერი ჰყავდა. პოლიციის განცხადებით, მისი იარაღი რეგისტრირებული იყო და ტარების უფლებაც ჰქონდა.
American Journal of Roentgenology-ს 2002 წლის სტატიაში აღწერილია ინციდენტი, რომლის დროსაც, ნიუ-იორკის შტატში, სკანირების ოთახში იარაღით იყო შესული.
მიუხედავად იმისა, რომ იარაღი აპარატიდან სამ მეტრში იდო, მაინც გაისროლა და ტყვია კედელს მოხვდა.
2013 წელს ასეთივე შემთხვევა მოხდა ილინოისის შტატის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ძარცვის ფაქტზე მისული პოლიციელის იარაღმა მოწყობილობასთან მიახლოებისას გაისროლა.
2018 წელს, ლონგ-აილენდის ერთ-ერთ კლინიკაში მამაკაცი ფეხში დაიჭრა, მას შემდეგ, რაც სკანირების ოთახში შესვლისას გაისროლა იარაღმა, რომელიც მას ჯიბეში ედო.
ეს მოკლე სიაც კი გვიჩვენებს, რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კაბინეტში იარაღით შესვლა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
კომენტარები