“მთავარი არხის” ინფორმაციით, პირი, რომელმაც ბადრი ესებუას ადგილსამყოფლის შესახებ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ის სავარაუდოდ, პოლიციის მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოს მიიღებს.
“მთავარის” ინფორმაციით, პირი ზუგდიდში ცხოვრობს და ბადრი ესებუას კარგად იცნობს. საქმის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” მის ვინაობას არ ასახელებს.
რაც შეეხება ესებუას საქმეს, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულის პროცესი ზუგდიდის სასამართლოში დღეს გაიმართა. დაცვის მხარემ შუამდგომლობის გასაცნობად დრო ითხოვა, რის გამოც სხდომა გადაიდო.
ადვოკატის თქმით, ესებუას მთავარი ამოცანა პატიმრობიდან მისი ძმის, ბიძინა ესებუას გათავისუფლებაა.
“მისი მთავარი ამოცანაა, ტყვეობიდან გათავისუფლდეს მისი ძმა, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა და ულტიმატუმის გამო ზის, რომელიც ზოგადად, დიდ დარტყმას აყენებს მის ოჯახს”, – თქვა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, ამ თემაზე „ალია“ ექსკლუზიურად წერდა:
„როგორც „ალიას“ წყარო გვეუბნება, ბადრი ესებუამ საკუთარი ადგილსამყოფელი სამართალდამცავებს თავად უკარნახა და თავად დაეჭერინა. გვიყვებიან, რომ ესებუასთან მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ კომუნიკაცია, უთხრეს, რომ ციხეში მის ძმას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს და ძალოვნები მის გამოშვებას არ აპირებენ. ჰოდა, მშობლებისა თუ ძმის ხათრით, ესებუა გარიგებაზე წავიდა, ჩაბარების სანაცვლოდ ძმის გათავისუფლება ითხოვა.“
კომენტარები