საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მსურს, გამოვეხმაურო სააღდგომო ლიტურგიის თაობაზე მიმდინარე პოლემიკას და გამოვხატო ჩემი პოზიცია, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში, ერთი მხრივ, ეკლესიის მსახურთათვის, ხოლო მეორე მხრივ, ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდეს საზოგადოების წარმომადგენელთა აზრი. პირველ რიგში, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ქრისტიანმა, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ გასული კვირების განმავლობაში ტაძრებში ზედმიწევნით ხდებოდა დადგენილი წესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, სამღვდელოების და მრევლის ერთობლივი ძალისხმევით, ასე გაგრძელდება მომავალ დღეებშიც. ვფიქრობ, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება ტაძრებში, ისევე როგორც ზიარების წესის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა იმ გარემოებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა, და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას და ზიარების საიდუმლოების აღიარებას. საგანგებო მდგომარეობის პირობებს რაც შეეხება,
აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია, ანუ ყველა იმ ადამიანის სახლიცაა, ვინც სასოებით მიეახლება უფალს.
იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო იპოვიან იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ღირსეულად დავძლიოთ ის გამოწვევა, რომლის მსგავსი და უფრო მძიმე არაერთი განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ერის და ბერის ერთიანობით გადაულახავს“
კომენტარები