საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს აკრიტიკებს იმ განცხადების გამო, რომელშიც კობახიძე უკრაინაში დაწყებულ ომში რუსეთის უპირატესობებზე საუბრობდა. კასიანოვმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე.
“კობახიძის აშკარა პრორუსული განცხადებები, რომლებიც ეხება, რომ რუსეთს აქვს უკრაინაში ომში უპირატესობა და რომ რუსებმა დაიკავეს 10 დასახლებული პუნქტი – სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც საკუთარ თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ ერთ დროს საკუთარი ნებით დაუთმო საქართველოს პარლამენტის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგისს დეპუტატს.
თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლებო მონოუმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომელიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ პროსახელისუფლებო “ქართული ოცნების” ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.
ასევე ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგო რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს”, – თქვა მან.
9 თებერვალს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიმართ “მანკიერი სურვილი” იზრდება, რადგან უკრაინასთან ომში “ამ ეტეპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს”. მისივე სიტყვებით, ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო.
“საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ყირიმი და დონბასის ნაწილი. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80%, ასევე ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%”, – თქვა კობახიძემ.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები