წალენჯიხაში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება. ცენტრი, პირველ ეტაპზე, დაუნის სინდრომის მქონე და აუტისტის სპექტრის ბენეფიციარებს მოემსახურება.
ცენტრში, რომელიც მერიის დაქვედებარებაში იქნება, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სხვადასხვა თერაპიას სრულიად უფასოდ მიიღებენ.
„კვლევებით გამოიკვეთა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობა წალენჯიხაში აუციელებლია. მსგავსი ცენტრი ზუგდიდში არსებობს, რომლის ბენფიციარიც 12 წალენჯიხელი ბავშვია, თუმცა, რეალურად, მსგავსი ტიპის მომსახურეობა ჩვენს მუნიციპალიტეტში სამჯერ მეტს სჭირდება”, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრისას წალენჯიხის მერის მოადგილე ივანე ბურდული.
მისივე ინფორმაციით, ცენტრისთვის შენობის შერჩევა დაწყებულია. განიხილება ორი ლოკაცია – სამმართველოსთან (პოლიციის შენობასთან) მდებარე მუნიციპალური ფართი და „ევექსის კლინიკები”. ბურდულის თქმით, მოლაპარაკებები ორივე კუთხით მიმდინარეობს და საბოლოოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გაირკვევა, თუ სად დაიდებს ბინას სარეაბილიტაციო ცენტრი.
როგორც მერის მოადგილე ამბობს, ცენტრის შენობისთვის სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სურვილი უკვე გამოთქვა. ივანე ბურდულის განმარტებით, სამომავლოდ, ცენტრი ჯანდაცვის სპეციალურ პროგრამებშიც ჩაერთვება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. „ჩვენთვის არა, ჩვენთან ერთად“ – ეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანია. სიმბოლურია, რომ წალენჯიხაში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე საუბარი სწორედ ამ თარიღის წინ დაიწყო.
კომენტარები