თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს რექტორს ჯაბა სამუშიასა და უნივერსიტეტის საბჭოს წევრებს მოუწოდებენ გამოხატონ უნივერსიტეტის ოფიციალური პოზიცია პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ:
“ჩვენი მოძრაობის დაარსების მთავარი მოტივი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები გაგვაერთიანა, იყო საფრთხის შემცველი რუსული კანონისათვის წინააღმდეგობის გაწევა. პირველივე პროტესტი კი გამოიხატა ბატონი ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის წაშლით. ბოლო რამდენიმე დღემ ნათლად დაგვანახა, რომ პროტესტის მსგავსი ფორმები დიდი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და აძლიერებს ჩვენს ხმას კანონპროექტების წინააღმდეგ.
მიგვაჩნია, რომ ახლა დგას გადამწყვეტი მომენტი, როცა სტუდენტების მიმართ აკადემიურ სივრცეებში გამოხატული მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ მიზეზით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და მოძრაობის წევრები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მივმართავთ განცხადებით, რომლითაც ვთხოვთ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას. მოძრაობის წევრებმა ასევე გავაგზავნეთ განცხადება საფაკულტეტო საბჭოს სახელზე იდენტური თხოვნით.
გვჯერა, რომ კანონპროექტები შინაარსითვე უპირისპირდებიან იმ იდეალებს, რომლებზეც დგას ჩვენი უნივერსიტეტი 1918 წლიდან. ვინაიდან ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა ცდება პოლიტიკური მიკუთვნებულობის ფარგლებს და პირდაპირ ეხება ჩვენი და მომავალი თაობების საგანმანათლებლო პერსპექტივებს, ჩვენი უნივერსიტეტისა და რექტორის, ბატონი ჯაბა სამუშიას, მკაფიო პოზიციონირება ხსენებულ კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
ამასთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაფიო პოზიცია ერთთავად გაზრდის სტუდენტების აქტიურობას და შესაძლებელს გახდის პროტესტის მშვიდობიან, კონსტრუქციულ ფარგლებში შენარჩუნებას.
ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ბიუროკრატიულ და პროცედურულ საფეხურებს, რაც შესაძლოა საჭირო იყოს ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად, ამიტომ პოზიციის დასაფიქსირებლად გონივრული ვადის გამოყოფა სწორად მიგვაჩნია.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ წამოჭრილი საკითხი დადგება აკადემიური და საფაკულტეტო საბჭოების დღის წესრიგში.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ორივე განცხადების ტექსტი.”
კომენტარები