საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს, 2022 წელს საათში 9700 ევრო გადაუხდია, ეს დაახლოებით 30 000 ლარია. ძვირადღირებული საათი შეუძენია პარლამენტარის მეუღლესაც, მას 4900 ევრო ანუ 15000 ლარი გადაუხდია. საათების ბრენდი დეკლარაციაში მითითებული არ არის. გიორგი ამილახვარს კიდევ ერთი ძვირადღირებული საათი აქვს – 25 000 ლარად შეძენილი.
2022 წელს პარლამენტარის მეუღლემ კიდევ ერთი ძვირადღირებული ნივთი იყიდა, მან ოქროს ბეჭედში 3200 ევრო გადაიხადა, ტანსაცმელში კი მხოლოდ 2022 წელს პარლამენტარმა და მისმა მეუღლემ 50 000 ლარი დახარჯეს.
ოჯახი ფლობს 2 ბინას, ორ ავტოფარეხს, რამდენიმე არასაცხოვრებელ ფართს, მიწის ნაკვეთს შინდისში, რომელიც 798 000 ლარად შეიძინა.
შვილების სწავლის დასაფინანსებლად გასულ წელს პარლამენტარის მეუღლეს 25 000 ლარი და 5900 აშშ დოლარი გადაუხდია – ჯამში 42 000 ლარი. მათი ორივე შვილი სკოლის ასაკისაა. შვილების სახელზე ამილახვარს „პროკრედიტ ბანკში“ ანაბარიც აქვს გახსნილი, ორივე შემნახველ ანგარიშზე ჯამში 50 000-ზე მეტი დოლარი ირიცხება.
საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის პარლამენტარმა და მისმა მეუღლემ 70 000 ლარი დახარჯეს, სახლის რემონტისთვის კი – 20 000 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს, თავად გიორგი ამილახვრის შემოსავალი გასულ წელს 47 157 ლარი იყო, ამას ემატება ფართობის გაქირავებიდან მიღებული 18 816 ლარი.
პარლამენტარის მეუღლემ კი ნახევარ მილიონზე მეტი [633 913] ლარი გამოიმუშავა. ის შპს „თოუ დეველოპმენტის“ ასი პროცენტის მფლობელი და დირექტორია. რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიას 2013 წელს, მისი დაფუძნების დღიდან, თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ის მართვაში მეუღლეს გადასცა.
პარლამენტარის მეუღლე არის ასევე შპს „ნიმის“ და „ნიმი 1“ – ის დირექტორი, ამ კომპანიებს გიორგი ამილახვარი ფლობს.
3 კომპანიის მართვასთან ერთად პარლამენტარის მეუღლე 2 უნივერსიტეტშიც მუშაობს – ის თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერი და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ამ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა გიორგი ამილახვარი, ვიდრე მას „ოცნების“ საპარლამენტო სიაში ჩაწერდნენ.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის 50 პროცენტს გიორგი ამილახვრის მამა, ზაურ ამილახვარი ფლობდა. 2012 წლიდან კი ის უნივერსიტეტის ასი პროცენტის მფლობელი იყო, თავად ფიქსირდებოდა დირექტორადაც. 2017 წლიდან კომპანიის თანადირექტორად გიორგი ამილახვარი დანიშნეს. 2021 წლის თებერვალში რეესტრში ასახული მონაცემების მიხედვით, უნივერსიტეტის მფლობელი „ველოქს ედიუქეიშენია“.
უნივერსიტეტი გაყიდეს, ცვლილების ასახვამდე კი რეესტრს გარიგების ფინანსური ნაწილის გასაიდუმლოება სთხოვეს.
ამ კომპანიის წილებს ექვსი ბიზნესმენი ინაწილებს. მათ შორის არიან: რამაზ კუკულაძე -„ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე [32.5%] , მარიამ მეღვინეთუხუცესი, „საქართველოს ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი [9.5%], ბიზნესმენი, „ლიბერთი ბანკის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით წიკლაური [14%], ავთანდილ ნამიჩეიშვილი – სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი [ 11%] ნიკოლოზ გამყრელიძე – „GHG-ის გენერალური დირექტორი [ 11%] , არჩილ კონცელიძე -VTB ბანკის გენერალური დირექტორი [ 12.5%], ვანო ბალიაშვილი, [9.5%] „თი ბი სი“ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი.
გიორგი ამილახვრის ავტომანქანის ფასი მინიმუმ 200 000 ლარია – „Mercedes GLE 450“- ში 2019 წელს მას 76 000 ევრო გადაუხდია.
კომენტარები