ფიზიკოსი, ბადრი გორგილაძე, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის ხელმძღვანელი პირის, გრიგოლ გორგილაძის ვაჟიშვილია, სოციალურ ქსელში, წერს:
“სახელმწიფოს ინიციატივით საქართველოში პირველი დიდი საავადმყოფოს მშენებლობა განხორციელდა რესპუბლიკური კლინიკის სახით. მაშინ ამგვარი მნიშვნელობის საკითხები მოსკოვში წყდებოდა, ჰოდა შესაბამისი “მანიპულაციებით” თბილისმა “დაითრია” ამ უნიკალური ნაგებობის განხორციელების უფლება. საქმე იმაშია, რომ ტაშკენტის მიწისძვრით შეშფოთებული ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდა სეისმომედეგობის პრობლემას და საქმეში ჩაერთო მოსკოვის ექსპერიმენტული დაპროექტების ინსტიტუტი.
სსრკ-ში პირველად განახორციელა რიხტერის შკალით მინიმუმ 6 ბალზე გათვლილი სამოქალაქო ნაგებობის პროექტი. ადგილზე ობიექტის მშენებლობას ხელმძღვანელობდა მამაჩემი, გრიგოლ გორგილაძე, რომელიც სპეციალურად მიავლინეს ტაშკენტში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ. სწორედ ამიტომ არის ცნობილი ჩემთვის ეს სპეციფიკური ინფორმაცია.
მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ამ ობიექტზე ხშირად ვიმყოფებოდი და ეს ფოტოსურათებიც პირადად ჩემი გადაღებულია. გამორჩეული სეისმომედეგობიდან გამომდინარე, საავადმყოფოს შენობის სიმყარე შეუძლებელია ეჭვქვეშ დააყენოს რომელიმე ექსპერტმა. მისი დანგრევა სრული სიგიჟეა და ასეთი რამ საჭიროც რომ გახდეს, საკმაოდ ძვირი დაჯდება (გაიხსენეთ, რა დრო და ენერგია წაიღო ანდროპოვის ყურების მორღვევამ).
ჩემს პოსტებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ არასდროს არავისთვის არ მითხოვია გაზიარება (ეთიკურად არ მიმაჩნია ამგვარი დაძალება), თუმცა ამჯერად საქმე ეხება ისეთ ძალისხმევას, რითაც შეიძლება, რომ თავიდან ავიცილოთ მორიგი სიბრიყვე. ამიტომ თუ ვინმეს გაქვთ კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვინც იბრძვის კლინიკის გადასარჩენად, გთხოვთ მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია. ვფიქრობ შენობის უნიკალური სეისმომედეგობა, სხვა არგუმენტებთან ერთად, შესაძლოა იქცეს ზღვარგადასული სიხარბის დამაშოშმინებელ სერიოზულ ბარიერად.
ბოლო სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ დგანან მშენებელი ინჟინრები: ალექსანდრე კურცხალია, გრიგოლ გორგილაძე და კაკო ბილიხოძე.”
კომენტარები