ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, გავრცელდა ხმები, რომ ყოფილი პრემიერი, ნიკა გილაური პარტიის შექმნას და პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. ბევრი ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს მის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, ივანიშვილის ფარული პარტნიორი იქნებაო. გილაურმა „ფეისბუკზე“ განმარტა, რომ ეს ტყულია და არ მოდის პოლიტიკაში. თუმცა, ჩვენ ბევრი ამგვარი უარყოფა გვინახავს, მაგრამ მერე მინც მოსულან პოლიტიკაში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– კი, თვითონ ნიკა გილაურმა იუარა პოლიტიკაში დაბრუნება და მჯერა, რომ ასეა. სიმართლე გითხრა, გილაური არ არის ის პიროვნება, რომ 2024 წლამდე, არჩევნებამდე დამოუკიდებელ პოლიტიკური ფიგურად იქცეს და ჩამოყალიბდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არ მოვა პოლიტიკაში. ცვლილებების დროც არ არის. ხან ბიძინა ივანიშვილის ადვოკატზე, ვიქტორ ყიფინზე ატყდა აჟიოტაჟი, მოდის პოლიტიკშიო, ახლა გილაურზე. მერე, საბანკო სტრუქტურასთან, ქართველი ხალხის ძარცვასთან დაკავშირებული ოჯახია. მისი ძმა, ირაკლი გილაური წლებია „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელია. მაგ ადამიანებთან ბევრი კითხვები არსებობს. ადრე იყო მცდელობა, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მოსულიყო პოლიტიკაში და მაშინაც ამბობდნენ, პარტია უნდა შექმნასო, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს ადამიანები ჩინოვნიკები იყვნენ, დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები ვერასდროს გახდებიან. ამ ქვეყანამ უკვე ბევრი ნახა უკან მოხედვით მოსიარულე, სხვის კაცად მოაზრებული პოლიტიკური თოჯინები და ვერც ერთმა ვერ გაამართლა. ესეთი ლიდერები არ შედიან ქვეყნის ინტერესებში, ქვეყანას არაფერს არგებენ. მით უმტეს, სხვა დრო მოდის, მალე სხვა მოვლენები იქნება უფრო მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში. რაღაც სიცარიელესავით არის დღეს პოლიტიკაში, მრავალფეროვნება, თემები აკლიათ და აღარ იციან, რაზე ილაპარაკონ. ამ სიცარიელის ამოვსების მცდელობა მგონია ნიკა გილაურის ვითომ პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობა. გილაური ვინ არის? აღარავის ახსოვს და თუ ახლა მაგის გაბერვა დაიწყეს, შეიძლება გაუსკდეთ. თვითონაც ეყოფა ჭკუა, ასეთი სულელიც არ არის, რომ უცებ შემოვარდეს ქართულ პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ გილაურს ვერაფრით დააკავშირებ, ესეც არარეალურია.
– ბოლო პერიოდია, „ქართული ოცნების“ მომხრეების მხრიდან მიდის მიზანმიმართული აქტიური კამპანია, რომ ვინც ამბობს, რომ არც „ნაცების“ მხარეს ვარ და არც „ქოცების“, ზუსტად ის არის ლატენტური, შეფარული „ნაციო“. ახლა ამათი ვირეშმაკული ჩანაფიქრების ამოხსნას დიდი განათლება და ინტელექტი არ სჭირდება, რადგან დაბალი განთლებისა და ინტელექტის, პრიმიტიული გონების ადამიანები გეგმავენ პიარ–კამპანიებს „ქართულ ოცნებაში“. უნდათ, რომ ქვეყანა დაყონ „ქოცებად“ და „ნაცებად“, მესამე, ნეიტრალური მხარე ვითომ არ არსებობს ქვეყანაში, ეს უნდათ ჩაუჭედონ ხალხს ტვინში და თუ გაკრიტიკებ ხელისუფლებას, ეგრევე „ნაცს“ დაგიძახებენ. „ნაცი“ კი დისკრედიტირებულია და საზოგადოებაში დამნაშავესთან, მოძალადესთან, უსამრთლობასთან ასოცირდება, ასეა? ვფიქრობ, რუსული სქემა გადმოაქვთ ჩვენთანაც.
– ერთი რამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ. “ნაცმოძრაობა“ თვალსა და ხელს შუა დაიშალა,მისგან უკვე ნასხლეტებია დარჩენილი, თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ და რას მიედ–მოედებიან. უკვე ერთმანეთს დაერივნენ. ეს ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი კარგი ხრიკი იყო და ეს მიანიშნებს, რომ ის პოლიტიკიდან გადის, რასაც მე დიდი ხანია ვიძახი. რეალურად, უკვე გასულია. „ქართულ ოცნებასაც“ საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს, ეს პარტია ერთ გუნდად ვერანაირად ვერ შენარჩუნდება, ეს გარდაუვალია, რადგან „ნაცმოძრაობის“ გაქრობის შედეგად, გაქრება „ქართული ოცნებაც“. ვინც ამას გრძნობს, ცდილობს, რომ ისევ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით გააკეთოს აქცენტი. არაფერი ეშველება საქმეს, ეს პიარიც განწირულია. „ნაცის“ იარლიყის მიწებება ხალხისთვის, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია, ჩვენს გარდა, სხვა ყველა „ნაცია“ და სხვა ძალა, სხვა ხალხი არ არსებობს ამ ქვეყანაში, რომელსაც არც ერთი ეს პოლიტიკური ძალა არ უნდა. ეს შედეგს უკვე ვეღარ გამოიღებს. ამ ათწლიანმა ერთმანეთისთვის „ნაცი“–„ქოცის“ ძახილმა, ბოლო 4–5 წლის განმავლობაში კატასტროფული შედეგი მოიტანა. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით. ვიდრე „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო ორიენტირი განვითარებაზე, პროექტების შექმნაზე, ევროპასთან დაახლოებაზე, ქვეყანა ვითარდებოდა. გაცილებით უკეთესი შედეგები იყო. 2016–2017 წლის სტატისტიკა ნახეთ, ფანტასტიკური სტატისტიკაა მაგ თვალსაზრისით – შემოსავლების თვალსაზრისით, მთავრობის აქტიურობით. იმ დროს მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან, ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ევროკავშირთან მივიღეთ, ქვეყანა ვითარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი „ნაციონალი“ ქადაგიძე იყო და ცდილობდა, პრობლემები შეექმნა ფულად საკრედიტო მიმართულებით. მიუხედავად ამისა, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, მანამდე ღარიბაშვილის, მოკლედ, ივანიშვილის მთავრობები მემკვიდრეობით ბევრს აკეთებდნენ და წინ მიდიოდა ქვეყანა. 2018 წლის მერე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ არაფორმალურმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, მას მერე მიხვდნენ, რომ „ნაცების“ სისხლიანი 9 წელი მუდმივად უნდა გაეხსენებინათ ხალხისთვის, ეს კარგად იქნა მიგნებული, ამან იმუშავა და მას შემდეგ, ამ ცხენიდან აღარ ჩამოდიან. არადა, ეს ცხენი მოკვდა „ნაცების“ სახით და ახლა თვითონაც ჩამოვარდებიან. სისხლიანი 9 წელი აღარ მუშაობს, ხალხს ცვლილებები უნდა, კონკრეტული გაკეთებული საქმეები უნდა, რისი უნარიც „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია.
– ბლოკჩეინით, დისტანციური არჩევნების ჩატარება თქვენი იდეაა, მაგრამ ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები ცდლობენ, მამუკა ხაზარაძეს მიაწერონ ეს იდეა და ხაზარაძეც იფერებს. იდეას გვარპავენ?
– ეს არის, ალბათ, დავალება, რომ ეს იდეაა გააფუჭონ. ეს იდეა პარლამენტში ვერ გავა, ამას ტყულიად ცდილობენ ბანკირი პოლიტიკოსები. ამას სჭირდება რეფრენდუმი და ამ გზით უნდა დავუბრუნოთ, უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს უნდა მოხდეს დისტანციურად, ბლოკჩეინის მეშვეობით. ეს არის ყველაზე დაცული და სამართლიანი მეთოდები არჩევნებისა.
– ზოგიერთი ამბობს, რომ დისტანციური არჩევნების ჩატარება ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია. ამ მოსაზრებას იმით ამყარებენ, რომ რუსეთში 800 000 ქართველი მაინც ცხოვრობს და მათი უმეტესობა, პრორუსულ პარტიებს მისემს ხმას, ან ისევ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ან მასზე უარესი რუსეთიდან მართული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში. არის ეს საფრთხე?
– არა, 800 000 გაბერილი ციფრია. მაქსიმუმ 400 000 ქართველია რუსეთში და დანარჩენი მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონი ქართველი. მერე, როგორ გგონიათ, რუსეთში მაცხოვრებელი ყველა ემიგრანტი რუსეთის, საქართველოს რუსეთის წიაღში დაბრუნების მომხრეა? ასე არ არის. იქ განსხვავებული აზრის ადამიანები არიან, ჩვეულებრივი პატრიოტები. 90–იან წლებში საზღვარგარეთ ვერ წავიდოდნენ, რუსეთში წავიდნენ, იქ აქვთ ბიზნესი თუ სამსახური, მთელი ცხოვრება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ ზოგადად თუ საქართველოსთან მიმართებაში. ამ ბლოკჩეინის მთელი ხიბლი ის არის, რომ შენია ის არჩევანი, ვერავინ გიკონტროლებს და როცა დააფიქსირებ არჩევანს, ვერავინ, ვერავინ მოგპარავს და ვერ შეგიცვლის. დამერწმუნეთ, რომ ამ ტიპის არჩევნები ამომრჩევლისთვის კომფორტული იქნება. უბნებზე ხმის მიცემის დროს, ამომრჩეველზე ზემოქმედებისა და ხმების გაყალბების რისკი ძალიან დიდია. მერე, სერვერებზე ზემოქმედების რისკი მინიმალურია და თუ მაინც გატეხეს, ერთი კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ, დავუშვათ შემოვიდა 400–500 ათასი ხმა, ის სერვერი ავტომტურად ჩაიკეტება. მერე, რუსეთის ბევრი მოქალაქე საქართველოს მოქალაქეც არის და ხშირად ჩამოდის აქ, საკუთარი თვალით ხედავენ, რაც აქ ხდება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ რუსეთში მაცხოვრებელ ქართველთა დიდი ნაწილი აფხაზეთიდაან დევნილია, რუსებმა გამოყარეს აფხაზეთიდან, სახლები წაართვეს, ბევრს რუსებმა ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები დაუხოცეს და ახლა რა ლოგიკით მისცემს ეს ხალხი იმ პარტიებს ხმას, რომლებიც რუსეთზე არიან ჩამოკიდებულნი?
ახლა, ზოგიერთები, რუსული საფრთხის პიარით, იმით, რომ დისტანციური არჩევნებით, ვითომ შესაძლოა, რუსეთში მაცხოვრებელთა ხარჯზე რუსეთის მომხრეებმა პრორუსულ პარტიებს მოაგებინონ არჩევნები, ეს თემა ჩააგდონ, არჩევნები ძველებურად ჩაატარონ და სათავისოდ გააყალბონ. რუსეთიდან ამ მხრივ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ჩვენ ყველა ემიგრანტს და რუსეთში მაცხოვრებლებსაც უნდა მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. შეურაცხოფას აყენებენ რუსეთში მაცხოვრებელ ჩვენს თანამემამულეებს, ვინც ამბობს, რომ თითქოს ისინი რუსები თუ თითქმის გარუსებულნი არიან. არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან და ეს ძალიან კარგად ვიცი.
კომენტარები