მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“მესმის, არ დამიჯერებთ, მაგრამ ავოკადო არ მქონდა გასინჯული არასოდეს. საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო, ხილი იყო თუ ბოსტნეული. რომ მეყიდა კიდეც, როგორ უნდა მეჭამა, ვერ ვხვდებოდი. ელენე ყიდულობდა, მთავაზობდა, მაგრამ ეგ მომენტი იმავე წამს უცნაურად ქრებოდა და გადიოდა წლები.
ერთი თვის წინ კარზე დარეკეს. გავაღე. ორი მაღალი ადამიანი იდგა. უკრაინელები ვართო, მითხრეს, შენი გურუს მოწაფეები, ანუ სულიერი ძმები გამოვდივართო. ჯერ კიდევ ხარკოვში შევიტყვეთ თქვენი ჯგუფის შესახებ და აი, დღეს აქ ვართ და გესტუმრეთო. სიხარულისგან შევხტი-შევკუნტრუშდი, კუდი გავაქიცინე, სულ ვთხოვდი კრიშნას, ვინმე გამოეგზავნა და აჰა, ჩემი ძმები მოვიდნენ როგორც იქნა.
ერთმა ჩანთა გახსნა და იქიდან ავოკადო ამოიღო, ეს შენო, მითხრა. ერთხანს გაკვირვებული დავყურებდი ამ ხილს… მერე ამიხსნეს, ასე იჭმევაო და შევჭამე და ძალიან მომეწონა.
დამთხვევა იყო, ძალიანაც კარგი…
მაგრამ მერე იაპონურ მაღაზიაში ტოფუ ვნახე. უბრალო კი არა, შებოლილი. ვა, მეთქი, ნეტავ ეს რა არის, აქედან რა მზადდება-მეთქი და სტუმრად მივედით უკრაინელთან სახლში: ცოლი გაგვაცნო, ორი წლის შვილი და მერე კერძით გაგვიმასპინძლდა, რომელიც შებოლილი ტოფუთი იყო მომზადებული.
მეორე დამთხვევას დამთხვევას ვეღარ დაარქმევ, რატომ ჩაფიქრდიო, მკითხა მასპინძელმა. დესერტიც გაქვს-მეთქი, უტაქტოდ ვკითხე და თან ვფიქრობდი, ახლა ის შოკოლადის კანფეტები რომ გამოიტანოს, მარკეტში რომ მაყლაპვინებს ნერწყვებს, სტევიაზე რომ მზადდება, 1450 ლარი რომ ღირს და 5 ცალი რომ დევს შიგნით…
კიო, და ის კანფეტები გამოიტანა, სტევიაზე რომ მზადდება და 1450 ლარი რომ ღირს… ოღონდ 5 ცალი კი არა, მთელი დიდი ყუთი გამოიტანა. სანამ შოკს მივიღებდი, მანამდე უნდა მომესწრო და ჩავხტით ყუთში მე და ლატიკა და იქ შიგნითვე ხომ ვჭამეთ ყუთში, მერე ჯიბეებიც ავივსეთ, უბეებიც და წინდებშიც ჩავილაგეთ… ტუჩები გავილოკეთ.
მარტში მარწყვი არასოდეს მიჭამია და 30 მარტს მოიტანა ორი კგ. შენ კარგი მაიონეზიც გეცოდინება-მეთქი, ვკითხე გაოგნებულმა და უკვე ვიცოდი, რომ რაღაც უცნაურობას დააძრობდა. დააძრო – სოიას მაიონეზი. მეხუთე შემთხვევა უკვე შემთხვევა ვერ იქნება – მისტიკაა.
მცხეთელ დათოს ვუთხარი, ძმაო, ახალი ოჯახია, თან მგონი ჯადოქრები არიან, ჩვენც რამე უნდა ვაჩუქოთ, მაგალითად, კარგი ქვაბი, რას ფიქრობ-მეთქი. ვა, როგორ გამოიცანიო და დიდ ცელოფანში ჩამახედა… აი, ქვაბი ვუყიდე, აბა, ნახე, რას იტყვიო… ოთახში ჩავიკეტე, ნეტავ რა ხდება. სინამდვილეში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაც ისე ვერ არის, არ მეთანხმებით?
საძინებლის კარზე მომიკაკუნეს, დროა წავიდეთო. ბავშვს რამე თუ უყიდე-მეთქი, გავძახე ლატიკას. ვიცოდი, რომ წიგნს უყიდდა, მაგრამ ქართულს ხომ არა, ვერც უკრაინულს, ალბათ რუსულ წიგნს უყიდდა, მუყაოსი, მაგალითად – კალაბოკს.
ლატიკამ შემომძახა: წიგნი ვუყიდე, მუყაოსი…”
კომენტარები