“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე 4 მოსამართლისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას ეხმაურება და ამბობს:
“ეს არის ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი. დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ქართველ ხალხს არა უბრალოდ უნდა ევროკავშირი და ნატო, არამედ მზად არის იბრძოლოს ამისთვის. სწორედ ამის დემონსტრირება იყო 7-9 მარტს, მათმა ნაბიჯებმა არ დააყოვნა. დიახ, დღეს სანქცირებულია 4 მოსამართლე, მაგრამ კიდევ მოუწევს სანქცირება, თუ ისინი ხალხის ნების გაყალბებას შეეცდებიან. მეგობრებო, ჩვენს გვერდით არის აშშ, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და ჩვენს ერთიანობას აქვს ასეთი პასუხი მათი მხრიდან. ეს მხოლოდ ნაბიჯების დასაწყისია. ამიტომ, მინდა პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს მივმართო-შეეშვით ხალხის ნების გაყალბებას, “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი, რომ მას საქართველოს ხელისუფლება ერქვას. ჩვენს გვერდით დგას აშშ და ევროკავშირი. იცოდეთ, თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, შემდგომი იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი გარემოცვა. არა უბრალოდ სანქციები, არამედ კიდევ ბევრი ქმედება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გაქვთ დრო მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება.
საბოლოო გამარჯვება არის წინ. ჩვენ გავიმარჯვებთ მაშინ, როცა რუსულ რეჟიმს მოვიშორებთ, როცა საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და როდესაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებას ყველანი ერთად მოვახდენთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, “ქართული ოცნების” გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი. სხვა მოსამართლეებსაც, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში მყოფ სხვა პირებს, რომლებიც ხელს აწერდნენ ქართველი ხალხის ნების გაყალბებას, ჯერ კიდევ გაქვთ დრო. ეს იყო აშშ-ის მთავარი გზავნილი და 7-9 მარტს იმ მრავალათასიანი მიტინგის დროს, რომელიც თბილისში, რუსთაველზე იყო. 9 აპრილს უნდა ვიყოთ ბევრი. ვფიქრობ, ჩვენი ერთიანობის დემონსტრირება არის სწორედ ის ძალა, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებას მოგვიტანს”
კომენტარები