სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის (On.ge, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „ფორმულა“ „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“) ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს და მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას:
“როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული.
ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას”
კომენტარები