ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– ბატონი ვალერი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა – ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და ირაკლი შენგელია. მათ და მათი ოჯახის წევრებს ამერიკაში შესვლა აეკრძალათ. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
– მათთვის ამერიკის ვიზის არ მიცემის ფაქტი კი არ არის მთავარი და საგანგაშო, არამედ იმის აღიარება საერთაშორისო სამყაროში, რომ საქართველოს მართლმსაჯულება პოლიტიკურ კორუფციაშია მოქცეული. გამოყენებული სანქცია იმდენად მწვავე და სასტიკი არ არის, რომ ადეკვატური პროპორცია ჩანდეს შიგნით, ანუ დასჯის ფორმა. აქ დასჯაზე არ არის საუბარი, ლაპარაკია იმაზე, რომ ამერიკას, რომელიც დემოკრატიის სიმბოლოა სამყაროში, მიაჩნია, რომ საქართველოში მართლმსაჯულება მოქცეულია პოლიტიკური ზეგავლენისა და კორუფციის ჩარჩოებში. ეს კი აუცილებლად უნდა იქნეს დაძლეული. ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოზეა დამოკიდებული. მან უნდა დაიწყოს როგორც სისტემის, ასევე კადრების რეფორმა. არც ერთი მოსამართლე არ შეიძლება დარჩეს თანამდებობებზე, ვინც დღეს სისტემაშია. ყველანი არიან გასვრილნი ამ უბედურ ტალახში. შესაძლოა, თავის დროზე მათი ნება და სურვილი არ იყო, ამ დანაშულებრივი სისტემის ნაწილად ქცეულიყვნენ, მაგრამ რადგან ასე მოხდა, არანაირი საფუძველი აღარ არსებობს მათ მიმართ ნდობისა, რომ გააგრძელონ მუშაობა. უნდა მოვიყვანოთ ახალი მოსამართლები იმ პირობით, რომ ისინი ერთგულად ემსახურებიან კანონის ძალაუფლებას და არა ხელისუფალის ძალაუფლებას. ამაში დიდი განსხვავებაა. თანაც ეს არის ისეთი განსხვავება, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საქართველოს მოსახლეობას მოჰპარა სამართალი და ჩაიდო ჯიბეში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს განაცხადეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, რომ მოპარულია სამართალი და მისი ხალხისთვის დაბრუნება უნდათ და არა ის, რომ სანქცია დაედოთ. სანქცია იყო პროცესის ფორმა, რეაგირების ფორმა. თუმცა ყურად უნდა იღოს ყველამ.
– ამდენი მოსამართლის გაშვება და ახლების მოყვანა მოკლე დროში რამდენად შესაძლებელია? საიდან უნდა მოიყვნონ ამდენი ახლო მოსამართლე, რომც მოინდომონ ძველების ახლებით ჩანაცვლება?
– 300–დან 400–მდე მოსამართლეა სისტემაში, მაგრამ ერთ დღეში შეიძლება რეფორმა გააკეთო. უნდა შეიქმნას ე.წ. ჟიურის მონიტორინგის ჯგუფი, სახელმწიფო ხელისუფლება ამას არასდროს გააკეთებს, ეს უნდა გაკეთდეს საზოგადოების სექტორის მონიტორინგის წარმომადგენლობითი ჯგუფის მონაწილეობით სახელმწიფო სისტემაში. ამერიკაში, მაგალითად, არის დიდი ჟიური და პატარა ჟიური, სადაც შედიან მოსამართლეები, ადვოკატები, მეცნიერების, საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთაც არანაირი ინტერესი არ აქვთ გარდა ერთისა – სასამართლო უნდა ექვემდებარებოდეს კანონს. ეს ისეთი ფილტრია, შეუძლებელია, რაიმე გაიპაროს, უღირსი მოსამართლე მოხვდეს მოსამართლის სავარძელში. თუ გამონაკლისი მაინც მოხდა, დაუსჯელი არ დარჩება ის მოსამრთლე. აქაც ასე უნდა იყოს, უნდა შეიქმნას დიდი და პატარა ჟიური, ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაძვრება ამ ხვრელში. მოსამართლე გამოიტანს უსამართლო გადაწყვეტილებას? ეგრევე გაუშვებენ სახლში.
– ერთია მოსამართლეთა შეცვლა, მეორეა მოსამართლეთა მუდმივი კონტროლი, რომ ბოლოს ისევ კორუმპირებული მოსამართლეები არ შეგვრჩეს ხელში.
– ხომ ვთქვი, აქაც უნდა შევქმნათ პატარა და დიდი ჟიური. პატარა ჟიური შეიძლება იყოს რეგიონებში, დიდი ჟიური საქართველოს მასშტაბით. ეს იმუშავებს და ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავს უკანონობის ჩდენას, რადგან ეცოდინება, რომ არ შერჩება.
– ზაზა ხატიშვილმა, როდესაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, იუსტიციის სამინისტროს შესთავაზა, ძველი მოსამართლეები გაეშვათ და მათ ნაცვლად, სხვა ახალ მოსამართლეებთან ერთად, სამეცნიერო წრეების წარმომადგენელიც დაენიშნათ მოსამართლეებად.
– ზაზა ხატიაშვილსაც და მეცნიერებსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მეცნიერმა, რომელმაც არ იცის, როგორ შეადგინოს საპროცესო დოკუმენტი და ეს მხოლოდ თეორიულად წარმოუდგენია, ასეთი მძიმე დავალების თუ ფუნქციის მისთვის მიცემა შეცდომა იქნება. მეც მეცნიერებიდან წავედი სამუშოდ პროკურატურაში, ასპირანტურა მქონდა დამავრებული და საქართველოს მასშტაბით, იურიდიულ მეცნიერების დარგში, უკვე აღიარებული მეცნიერი ვიყავი. თუმცა, დოკუმენტების შედგენაზე როდესაც მიდგა საქმე, გამიჭირდა. საკმაო დრო დამჭირდა, ვიდრე დოკუმეტების სრულფსოვნად შედგენა ვისწვლე, ჩემი თანამშრომლებიც დამეხმარნენ ამაში. მეცნიერები კარგები არიან დასკვნების ნაწილში, მაგრამ თუ პრაქტიკა არ ექნებათ გავლილი, მე ვფიქრობ, რომ მეცნიერებით სასამართლო სისტემის სოლიდური ნაწილის დაკომპექტება არ შეიძლება.
– თქვენ ბრძანეთ, რა და როგორ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ სასამართლო სფეროში, მაგრამ ეგ ყველაფერი რომ გაკეთდეს, ხელისუფლება ამერიკის მიერ მოსამართლეთა დასანქცირების საკითხის მიმართ ადეკვატური უნდა იყოს. ეს ხელისუფლება არაადეკვატურია, ამერიკას ამტყუნებს მოსამართლეთა დასანქცირებაში, მოსამართლეებს არ სთხოვს პასუხს და არც კი ჰკითხეს, როგორ და რატომ მოხვდნენ ამ სიაში.
– ეს ხელისუფლება მივა იმ დასკვნამდე, რომ როდესაც საქართველოს ყველა ეუბნება, ევროპა, ამერიკა, რომ მართლმსაჯულება არ გაქვთ, იძულებული გახდება რაღაც გააკეთონ. მთავარია, ხელისუფლების ნება იყოს, გამოაცხადოს რეფორმის აუცილებლობა და დაიწყოს. კობახიძის ჭკუაზე უკვე ვეღარ გაივლის. პირველ რიგში, ყველა მოსამართლეს უნდა შეუწყდეს უვადო მოსამართლის სტატუსი და ყველას დროებითი დანიშვნა უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მოკლე ვადით. მერე უნდა გამოცხადდეს კონკურსი და მკაცრი შერჩევის წესით, უნდა შეირჩნენ ახალი მოსამართლეები. აუცილებლად უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს მოსამართლეთა კორუფციის, ნეპოტიზმის საქმეებს, მათ საქმიანობაში არსებული სხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეებს, თუ ამის ნიშნები იქნება. პარალელურად კი უნდა შეიქმნას სანდო ჟიური, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ დასანქცირებული მოსამართლეების საეჭვო განაჩენებს, სხვა მოსამარლეთა იმ განაჩენებს, რომელთა მიმართ არსებობს საზოგადოების მაღალი უნდობლობა, საზოგადოებას მათ მიმართ აქვს კითხვები. თუმცა, ესენი გახმაურებული საქმეებია და გაუხმაურებელი და უკანონო გადაწყვეტილება რამდენია? ყველა გადასახედია. ყველა მოსამართლემ უნდა გაიგოს, როგორც დამნაშავეს არ ასცდება სასჯელი, ასევე, დამნაშავე მოსამართლე არ დარჩება დაუსჯელი.
– თავხედი და ყველაფერის მკადრებელი ირაკლი კობაახიძე და ხელისუფლების სხვა ლიდერები გამოდიან და აცხადებენ, რომ ამერიკის სახდეპარტამენტმა თუ ჩვენი მოსამართლეების კორუფციის ფაქტების შესახებ იცის, რაც მათი დასანქცირების ერთ–ერთი მიზეზი გახდა, ჩვენ მსგავსი არაფერი ვიცით და ჩვენც მოგვაწოდონო.
– ტელევიზორები ჩართონ და ყოველდღე, უტყუარი მტკიცებულების დონეზეა ჟურნალისტური გამოძიებები თუ სხვაგვარი სიუჟეტები მოსამართლეების, ჩინოვნიკების კორუმპირებულობის შესახებ. თუ რეაგირება უნდათ, მოახდინონ ამ ფაქტებზე რეაგირება. მერე, გადახედონ ამ მოსამართლეების ქონებრივ დეკლარციებსა და მათ რეალურ ქონებას, რომელიც მათზე, მათი ოჯახის წევრების სახელზეა გაფორმებული. ოჯახის შემოსავალი, მოსამართლის ხელფასის ჩავლით, თუ 3 წელიწადში 500 000 ლარია და 3 მილიონი დოლარის ქონება აქვს ამ დროს შეძენილი, კორუფცია სახეზე და დაიწყე გამოძიება, მეტი რაღა გინდა? უამრავი ამგვარი ფაქტია და რის მოწოდებას სთხოვ ამერიკას? არც ერთი მოსამართლე ადამიანის ბედზე არ ფიქრობს. ეს რა უბედურებაა? იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში მიხვიდე და სამართალი იპოვნო, მიდიხარ და მოსამართლე ჯალათად გხვდება. ადამიანის უფლებები არავის აინტერსებს. ეუბნები მოსამართლეს, რომ აქ და აქ დარღვეულია ადამიანის უფლებები. გპასუხობს – მერე რა მოხდა? პოლიციამ დაარღვია კანონი, მერმა და გამგებელმა დაარღვია კანონი და ისევ, მერე რა მოხდა? სადაც სახელმწიფო, მისი წარმომადგენელი არღვეს კანონს, მერე რა მოხდა? ეგ დიდი არაფერია. აი, თუ უპატრონო მოქალაქემ დაარღვია, ბეწვს გამოუღებენ თვალიდან, საჯელის მაქსიმუმს უსჯიან. სასამართლო არის „კატოკი“ ჩვენი მოქალაქეებისთვის, „კატოკი“. გადაგივლიან, გადაგთელავენ, სულში ჩაგაფურთხებენ და ამით დიდ სიამოვნებად ღებულობენ მოსამართლეები.
– დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგაც ეს ხელისუფლება ძველებურად იმოქმედებს, არც რიტორიკას შეცვლის, დაიცავს თავის მსახურ მოსამართლეებს, არაფერს გამოასწორებს. ამის კვალობაზე, რა იქნება ამერიკის შემდეგი ნაბიჯი და ევროკავშირისგან, მისი წევრი ქვეყნებისგან ხომ არ უნდა ველოდოთ მოსამართლეთა თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა დასანქცირებას?
– ევროკავშირიც მოაყოლებს სანქციებს. მთავარია, ამერიკამ გახსნა ფანჯარა და უთხრა დემოკრატიულ სამყაროს, რომ კორუფციული ვითარებაა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში და მისი ნდობა ნულოვანიაო. ახლა ყველა დემოკრატიული სახელმწიფო ანალოგიურად მოიქცევა. მთავარია, „პანდორას ყუთი“ გაიხსნა. ამას მოჰყვება მაღალი რანგის ჩინოვნიკებისა და მმართველი გუნდის პოლიტიკოსების დასანქცირება.
– ირაკლი კობახიძემ ერთი მაგარი რამეც თქვა – რაღა ეს მოსამართლეები დაასანქცირა ამერიკამ, სააკაშვილის დრიონდელი დამნაშავე მოსამართლეები რატომ არ დაასანქცირესო? აღიარებს, რომ დამნაშავე მოსამართთლების ვინაობაც იცის, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც და თავად ხელისუფლება არ სჯის იმ მოსამარლეებს და ამერიკას აგდებს ნამუსზე, ისინიც დაასანქცირეო.
– მართალი ხართ, დამნაშევეები თუ არიან, ადექი და დასაჯე, ამ ხელისუფლების ხელშია პროკურატურა, გამოიძიონ იმ მოსამართლეთა დანაშაულებები. მერე, 11 წელია ხელისუფლებაში არიან და აქამდე რატომ არ დასაჯეს? არც დასჯიან, რადგან ეს ზოგადად თქვა კობახიძემ, წინა რეჟიმის დამნაშავე მოსამართლეებიო. ეგ მოსამართლეები უკვე ჩაიხუტეს და ათას სიბინძურეს აკეთებინებენ. კობახიძემ არ თქვა სააკაშვილის დრიონდელ მოსამართლეებზე, ადრე ცუდ საქმეს აკეთებდნენ, ახლა კარგ საქმეს აკეთებენ, გამოსწორდნენო?! ისე, ვინც დაასანქცირეს, ყველა სააკაშვილის დროს მუშაობდა მოსამართლედ და რას ერჩის ამერიკას კობახიძე, არ მესმის.
კომენტარები