ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ოპოზიცია ცდილობს, ამერიკის მიერ მოსამართლეთა დასანქცირების გამო, მოსამართლეთა საქმიანობის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, „ქართული ოცნება“ კი საპარლამენტო პროცედურების გამოყენებით ცდილობს, რომ კომისია არ შეიქმნას. ბევრი კი ამბობს, ეს კომისია ბევრს არაფერს შეცვლისო, მაგრამ ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ კომისიის საქმიანობისა რომ არ ეშინოდეს, არც ასე გააფთრებული ეცდებოდა მის ჩაგდებას.
– არა მგონია, ამ კომისიის შექმნისა ეშინოდეთ. „ქართული ოცნება“ ცდილობს დაამტკიცოს, დაანახოს ოპოზიციას, თუ ვინ არის უფროსი ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეკუთვნის, რომ ოპოზიციამ 50 ხმით ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღოს, მათ ეს ნაკლებად აინტერესებთ. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მოსამართლეებს გადაეფროს, უნდა დაანახოს მათ, რომ ბოლომდე იცავენ. ეს უკვე პრინციპული ამბავია. რეალურად კი ყველაფერი ნათქვამია. ამერიკის შესაბამის სამსახურებს დიდი ხანია გამოძიებული აქვთ ჩვენი მოსამართლეების დანაშაულებრივი საქმიანობა, დასკვნაც გაკეთებული აქვთ და 4 მოსამართლე დაასანქცირეს კიდეც. ისიც გვითხრეს, რომ ამაზე არ გაჩერდებიან და სხვა მოსამართლეები და ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლებსაც დაასანქცირებენ. მე ადრეც ვიძახდი, რომ არ არის ამ საგამოძიებო კომისიის შექნმა საჭირო.თუ კომისია შეიქმნა, მერე, მუშაობის პროცესში, შესაძლოა ისეთი რაღაცები წარმოიქმნას, რომ საბოლო ჯამში მოახერხონ და ამერიკა დაადანაშაულონ, რომ მათ არასწორი დასკვნა გააკეთეს. ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა თავისთავად არის ამერიკის სახდეპის დასკვნის და მოსამართლეთა სანქციების სამართლიანობის ეჭვქვეშ დაყენება. ეს ამ უსაქმური ოპოზიციის დეპუტატების პიარს ემსახურება, რომ მერე ტელევიზიებში ისხდნენ და საზოგადოებას უმტკიცონ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. თუ ხალხისთვის რაიმე კარგის გაკეთება უნდათ, საბანკო სექტორის საქმიანობის შესახებ შექმნან კომისია, გამოიძიონ, როგორ ხდება ხალხის განუკითხავი ძარცვა ბანკების მიერ.
კომენტარები