,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,წარმატება ზოგჯერ არა მხოლოდ ნიჭსა და შესაძლებლობებზე, არამედ გარემოებათა უბრალო დამთხვევებზეა დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ყოველთვის ვერ იმარჯვებს, ზოგჯერ რაღაცა გაუთვალისწინებელი ხდება.
აი, აქედან იწყება შემდეგი ეპიზოდი, რაც ჩვენ, ქართველებმა, ალბათ, განსაკუთრებულად უნდა გავიაზროთ. ძლიერი სპორტსმენი ყოველთვის ვერ გაგვახარებს! ძლიერი მოცეკვავეც წაქეულა სცენაზე და ძლიერი მომღერალიც ამოვარდნილა ტონალობიდან ან რიტმიდან. რაღაცა გაუთვალისწინებელი ყველას ემართება და გვემართება, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ან ის სპორტსმენი არაა ძლიერი ან იმ მოცეკვავეს და მომღერალს დაუვარდა კლასი?! პირიქით, სცენაზე წაქცევა და ტონალობიდან ამოვარდა ძლიერისთვის უდიდესი, დამატებითი, დაუვიწყარი და შეუფასებელი გამოცდილებაა.
ახლა ჩვენ თავს დავაკვირდეთ. რა გამოდის, ძლიერი სულ უნდა იყოს სათანადო სიმაღლეზე, მარტო გამარჯვებებით და წარმატებებით უნდა გაგვახაროს, თორემ ზოგიერთები დილიდან რომ დაიწყებენ ხან გინებას და ხან ჭკუის სწავლებას, მტრისას…
ძალიან გვღალატობს ზომიერების გრძნობაც, ტაქტიც და, რაც მთავარია, ლმობიერება გვაკლია. ჯერ ცაში ავიყვანთ ადამიანს, გავგიჟდებით და მერე ისე დავასამარებთ, ვითომ არაფერი. ჩვენიანს არ ვუფრთხილდებით. გულს ვტკენთ მაშინ, როცა ნუგეში და გამხნევებაა საჭირო. ფეხი რომ დამიცდება და წავიქცევი, მაშინ მჭირდება გვერდში თანამდგომი და თანამოკეთე, თორემ თუ ორივე ფეხზე მყარად ვდგავარ და გამარჯვებას გამარჯვებაზე ვაღწევ, მაშინ მე პირადად და თქვენც… კი ვიცით, რაც ხდება.
ძლიერი შეცდომასაც ნიშნავს, გაუმართლებლობასაც და მარცხსაც. ძლიერი არ ნიშნავს მარტო გამარჯვებებს. თუ ეს შეცდომა ან ხარვეზი არ განიცადე და შენთვის გამოცდილებად არ გარდაქმენი, ისე ვერც ძლიერი იქნები შენს პროფესიაში და ვერც ადამიანად ივარგებ.
ყველა წავქცეულვართ და ავმდგარვართ. კიდევ წავიქცევით და ავდგებით. ესაა ცხოვრება.”
კომენტარები