ისტორიკოსი, გიორგი ჩუბინიძე:
მეგობრებო, ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მივიპყრობ თქვენს ყურადღებას, რომელსაც საზოგადოების ჩართულობა სჭირდება.
წლების წინ, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ირგვლივ, რა ამბები დავატრიალეთ, გემახსოვრებათ. დღეს მუზეუმი ჩვენი ერთსულოვანი საზოგადოებრივი ჩართულობით რეაბილიტირებული და მოქმედია.
სახლ-მუზეუმი, რომელიც სოფელ ქვიშხეთში მდებარეობს, ფაქტობრივად ეზოს გარეშეა. ის ეზო არაოფიციალურად წლებია მუზეუმს ეკუთვნის, მაგრამ ხაშურის მერიის ბალანსზეა. ახლახანს გავიგეთ, რომ მიტაცებულია მის გვერდით მდებარე სასტუმრო ,,მწერლების” მიერ და ამას თავად მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი, ბატონი თამაზ ლაცაბიძეც ადასტურებს.
მუზეუმს წინ დაუტოვეს მცირე ადგილი, დანარჩენს ასე თვითნებურად ღობე შემოავლეს და გამალებით მიდის გარკვეული სამუშაოები.
არ ვიცი თავის დროზე რატომ არ ატეხეს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა ერთი ამბავი, რადგან ღობეს რომ აკეთებდნენ, რას ფიქრობდნენ, რისთვის კეთდებაო, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ გარკვეული მიზეზების გამო ადამიანთა ნაწილმა ვერ ან არ თქვა სათქმელი.
ან რატომ სდუმს ხაშურის მერია, როცა საკუთარ დაქვემდებარებულ მიწაზე მშენებლობა მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანეს მუზეუმს ტერიტორიას ართმევენ, არც ეს ვიცი.
მუზეუმი ხალხს, საზოგადოებას ეკუთვნის, მერიის ბალანსზე არსებული მიწაც საზოგადოებრივი საკუთრებაა და კერძო პირს არ აქვს უფლება ასე მიისაკუთროს ჩვენი საკუთრება.
ფაქტია, რომ ბევრი ბურუსია საკითხის ირგვლივ.
დიმიტრი ყიფიანი შეგახსენოთ ვინ იყო?
ტფლისის ქალაქის თავი (ახლანდელი გაგებით თბილისის მერი), თბილისში არაერთი იმდროინდელი რეფორმის ავტორი, თავადაზნაურიბის წინამძღოლი ტფილისსა და ქუთაისში, პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი და თავმჯდომარე (წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით რომ ვიცნობთ).
მოკლედ, დიდი პერსონა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში და ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ამ საკითხის ირგვლივ გავერთიანდეთ საზოგადოების ნებისმიერი წევრი და მოვითხოვოთ გავარკვიოთ რა ხდება და რატომ ხდება ასე?!
კომენტარები