საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში მომხმარებელთა ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრა გახსნა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებსაც სემეკის წარმომადგენლებმა გააცნეს ახალი ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი.
ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ითვალისწინებს თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის პრინციპებს, სადაც ბაზრის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობები, კონკურენტული ფასის გამჭვირვალედ ჩამოყალიბება, აღნიშნული კი მომხმარებელს მისცემს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.
დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრების ორგანიზება, რათა დაინტერესებულ პირებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ ახალი ენერგეტიკული ბაზრის პირობებში ვაჭრობის მექანიზმებსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე.
„დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს მივაწოდეთ ინფორმაცია ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მათი შესაძლებლობების შესახებ. ცნობილია, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზარი ეტაპობრივად გადადის ახალ მოდელზე, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ელექტროენერგია შეისყიდოს მისთვის საჭირო დროს კონკურენტულ ფასად. ახალი ბაზრის ფარგლებში მოხდება ბაზრის შიდა რესურსების ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სხვა ტიპის მომსახურებების დანერგვის ხელშეწყობა, გაუმჯობესდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლების აქტიური მონაწილეობა ბაზარზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, ბაზარზე შესვლისა და გასვლის თავისუფლება, სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზაცია“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
კომენტარები